პირველი ადამიანი, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინა გაიკეთა, თავს კარგად გრძნობს!.?

0
43 წლის ჯენიფერ ჰალერი პირველი იყო იმ 45 ადამიანიდან, რომლებმაც მიმდინარე წლის მარტში ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მიიღეს მონაწილეობა. ახლახან მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და საკუთარ ორგანიზმში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუმჩნევია. "პირველი დოზის მიღებიდან უკვე 16 კვირა გავიდა და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. ორი ინიექციის შემდეგ ერთადერთი გვერდითი ეფექტი ხელის არეში ტკივილი იყო. ამ პრეპარატს, გრიპის ვაქცინასთან შედარებით, ორგანიზმზე ნაკლები ზეგავლენა აქვს", - აღნიშნა ჰალერმა. კვლევის ფარგლებში 18-დან 55 წლამდე ასაკის ჯანმრთელმა მოხალისეებმა mRNA-1273-ის სახელით ცნობილი ექსპერიმენტული პრეპარატის 2 დოზა ერთი თვის შუალედით მიიღეს. შედეგად, სასურველი იმუნური რეაქცია გამოვლინდა - ყველა ცდისპირის ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშავა. მედიკოსები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ და სისხლის ანალიზებსაც უღებენ, რაც მომდევნო 11 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინა პირველად 43 წლის ჯენიფერ ჰალერის ორგანიზმში შეიყვანეს. ფოტო: Ted S. Warren კომპანიას Moderna, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში დამატებითი კვლევები აქვს დაგეგმილი. ტესტირების მესამე ეტაპი ივლისის ბოლოს ჩატარდება და მასში 30 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, mRNA-1273 საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი. Moderna-ს გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულება მუშაობს. მათ შორისაა ამერიკული კომპანია Inovio და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტი, რომელთა პრეპარატებიც ასევე გამოცდის ეტაპზეა.
#feedcgrant
Feedc
#ახალიამბები
0