ისრაელის ხელისუფლება კვლავ „დაიშალა“ და ქვეყანაში მორიგი არჩევნები გაიმართება

0
მას მერე, რაც ისრაელის კოალიციურმა მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შეძლო, ბოლო არასრული 2 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სამშაბათს, ა.წ. 22 დეკემბერს ამოიწურა ბიუჯეტის დასამტკიცებლად დადგენილი ვადები და კანონის შესაბამისად ისრაელის პარლამენტი დაიშალა. ზემოხსენებულს წინ უძღოდა ადგილობრივ ქნესეთში ჩატარებული სხდომების სერია, რომლის დროსაც პარლამენტარები საბიუჯეტო კანონპროექტზე შეთანხმებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ განხორციელდა. ისრაელმა უკვე საკმაოდ დიდი ფინანსები დახარჯა წინა სამი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად, რომლებიც 2019 წლის აპრილსა და სექტემბერში და ასევე 2020 წლის მარტში გაიმართა. მმართველმა პარტია „ლიკუდმა“, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით, მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო კოალიციის შექმნა მის მთავარ კონკურენტთან - პარტია „კაჰოლ-ლავანთან“, რომელსაც ბენი განცი ხელმძღვანელობს და რომელმაც ბოლო არჩევნების შემდეგ თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. აღნიშნულ კოალიციას საკითხის სპეციალისტები თავიდანვე სკეპტიკურად აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ ბიუჯეტის თემას შეეძლო ამ ტიპის მყიფე ალიანსის დანგრევა. აქვე, მანამდე დამტკიცებული როტაციის თანახმად, პირველი 18 თვის მანძილზე პრემიერ-მინისტრის პოსტი სწორედ ნეთანიაჰუს უნდა დაეკავებინა, ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან უკვე ამ პოსტს განცი ჩაიბარებდა. როგორც ცნობილია, ისრაელის მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 23 მარტს გაიმართება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Israel #elections #Netaniahu #Ganz #coalition #interworld
0