რა გახდა სტელა ტენანტის გარდაცვალების მიზეზი?

0
ბრიტანელი ტოპ მოდელის, სტელა ტენანტის უეცარმა გარდაცვალებამ გული ყველას დაგვწყვიტა. ტრაგიკული სიახლე იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ფანები და ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები, ერთნაირად გაკვირვებულები დარჩნენ. ტენანტი 50 წლის იყო და მისი ავადმყოფობის, ან სიცოცხლისთვის საშიში მიდრეკილებების შესახებ ინფორმაციას პრესა არ ფლობდა. გამომდინარე აქედან, უკვე 5 დღეა, რაც გულშემატკივრებში, სხვადასხვა ვებსაიტებზე, სოციალურ ქსელებში, ისმის კითხვა, როგორ გარდაიცვალა სტელა ტენანტი?
ოჯახის განცხადებით, სტელას გარდაცვალება „უეცარი და მოულოდნელი იყო“, რაც შეეხება პოლიციას, მათ კომენტარზე დაყრდნობით, „ადგილზე შემჩნეული არ არის არავითარი საეჭვო გარემოება, რაც დანაშაულის შესაძლო ნიშნებზე შეიძლება მიუთითებდეს.“ სხვა დამატებითი ინფორმაცია, ოჯახისგან და პოლიციისგან არ გავრცელებულა. შესაბამისად, ოფიციალურად, სტელას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გარდა იმისა, რომ ტენანტი 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საკულტო მოდელადაა აღიარებული, ბრიტანელებისთვის ის არასდროს ყოფილა უბრალოდ წარმატებული ტოპ მოდელი, რადგან მას არისტოკრატული ფესვები აქვს. სტელა დევონშირის ჰერცოგის შვილიშვილი იყო.
ბრიტანულ პრესაში გარდაცვალების მიზეზზე ხაზგასმა უჭირთ, თუმცა თითქმის ყველა გამომცემლობა აღნიშნავს სამწუხარო გარემოებას, 2020 წლის აგვისტოში, ტოპ მოდელი, 21 წლიანი ქორწინების შემდეგ, თავის მეუღლეს, David Lasnet-ს დაშორდა, რომლისგანაც 4 შვილი ჰყავდა. ანონიმურ წყაროებზე დაყრნობით, სტელასთვის განქორწინება და 2020 წელს შექმნილი მძიმე ემოციური ფონი, რთული გადასატანი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, მეტი კომენტარის გაკეთებისგან, ყვითელი პრესაც თავს იკავებს.
შეგახსენებთ, ტენანტი 22 დეკემბერს, საკუთარ სახლში, შოტლანდიაში გარდაიცვალა, 50 წლის იუბილის აღნიშვნიდან 5 დღის შემდეგ.
0