რიწა
რიწა/დიდი რიწის ტბა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია საქართველოში.
ადგილ-მდებარეობა - საქართველო, აფხაზეთი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი.
მდებარეობს მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ სიმაღლეზე.
ფართობი - სარკის 1, 49 კმ²;
აუზის - 154 კმ²;
მოცულობა - 94 მლნ/მ³;
მაქსიმალური სიღრმე 101 მ.
ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად.
მდიდარი ბუნებითა და საოცარი ხედებით.
გეოგრაფიული მდგომარეობა, ფაქტები
რიწის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით.
ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება იუფშარა.
წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3, 8°C,
აგვისტოში — 17.8°C.
საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.
წყალი
რიწის წყალი მეტად მტკნარია. გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით.
თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი.
რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის.
ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.
რიწის დაცული ტერიტორია
1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად.
ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო.
ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.
ასევე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა გაშენებული.
ლეგენდა რიწაზე
ლეგენდის თანახმად რიწის ახლანდელ ტერიტორიაზე ულამაზესი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც რიწა ერქვა.
რიწას 3 ძმა ჰყავდა, აგეფსთა, აცეტუკა და ფშეგიშხა.
ამ ადგილას ტბის ნაცვლად ხეობა იყო, რომელშიც მდინარე ჩამოედინებოდა.
ყოველდღიურად ძმები სანადიროდ მიდიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა. საღამოობით ნადირობიდან დაბრუნებული ძმები დის ულამაზესი ხმით ტკბებოდნენ და მთელს დროს ბედნიერად ატარებდნენ.
ერთ დღესაც ნადირობისას ძმებს შორს მოუწიათ წასვლა, რის გამოც დააგვიანდათ. რიწას მოენატრა საკუთარი ძმები და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა გეგამ და იუპშარამ გაიგონეს და ქალი მოიტაცეს.
ძმებს რიწას კივილი შემოესმათ და დის საშველად გამოემართნენ. ერთ-ერთმა ძმამ იუპშარას ხმალი ესროლა მაგრამ ხმალი აცდა და ხეობაში დაერჭო, სადაც ტბა წარმოიშვა. რიწა იუპშარას ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. ამასობაში ძმებმა იუპშარაც ტბაში მოისროლეს. ტბამ არ მიიღო იგი და მდინარეს ზღვისკენ გაატანა რომელსაც გეგამაც ვერ უშველა და წყალში დაიხრჩო.
ძმებმა რიწას გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ლეგენდის თანახმად ძმები მთებში გაბრუნდნენ და დღესაც იცავენ დის განსასვენებელს.
რიწის დაცული ტერიტორია - ისტორია
XX საუკუნეში რიწის ტერიტორიაზე დე ფაქტო კონტროლი არაერთხელ შეიცვალა.
1930 წელს რუსეთის ფედერაციამ ჩამოაყალიბა „რიწინსკის“ ნაკრძალი.
1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ნაკრძალის ტერიტორია გაფართოვდა და შეიქმნა რიწის თანამედროვე ეროვნული ნაკრძალი.
აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო, ომის შემდეგ, ტერიტორიის კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა. ამ ადგილს 1996 წლიდან რიწის რელიქტური ეროვნული პარკი ეწოდება.
განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო.
ფართობი 16 229 ჰა. მოიცავს ტერიტორიას მდინარე გეგას ხეობიდან და მთა აგეფსთამდე.
რელიეფის სიმაღლე მერყეობს 100 მ – დან 3, 256 ათას მეტრამდე ზღვის დონიდან, რაც ქმნის ეკოლოგიური პირობებს მრავალი მცენარისა და ცხოველის განვითარებისათვის.
პირველი დაცული ტერიტორია დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის შენარჩუნების მიზნით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებში. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს - ბზიფის ტაძარი და ციხე-სიმაგრე, ცისფერი ტბა, გეგის ჩანჩქერი, მდინარე იუფშარა, იუფშარას კანიონი, ჩანჩქერი „კაცის ცრემლები“, ტბა პატარა რიწა, რიწის ტბა, იოსებ სტალინის საზაფხულო აგარაკი.
რიწის ტყე - გეოგრაფიული მდგომარეობა
ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი სხვა.
600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია.
ქვეტყეში გვხვდება შქერი, წვავი, ჭყორი (იგივე ბაძგი), იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა.
ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები.
ტყეში ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველია.
ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი.
უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი. რიწის ტბაში ბინადრობს კალმახი, აკლიმატიზებულია სიგი.
#იცნობდეშენსმემკვიდრეობას
გამოყენებული ლიტერატურა - “ძველი ქართული ლეგენდები”; ქართული ვიკიპედია; გვერდი-აფხაზეთი.
ცალკე შემოგთავაზებთ პოსტს ბზიფის ტაძარსა და ციხე-სიმაგრეზე;
ცისფერ (ფირუზისფერ) ტბაზე, გეგის ჩანჩქერზე, იუფშარაზე, ჩანჩქერ “კაცის ცრემლზე”, და პატარა რიწაზე.
#ახალიამბები
#მოგზაურობა
#აფხაზეთისაქართველოა
#რიწისტბა
#რიწის
#ტბა
#რიწა
#აფხაზეთი
#საქართველო
#ლეგენდა
#ხელოვნება
#ფაქტები
#sokhumidaily
#ჯანსაღიცხოვრება