"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნოდ სპორტსმენების მობილიზება დაიწყო - რა შესთავაზეს რამაზ ნოზაძეს?

0
"ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო. აქტივისტებისა და მხარდამჭერების გარდა, „ოცნებამ“ დახმარება სპორტსმენებსაც სთხოვა. „2020NEWS“-თვის ინფორმირებული წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენებმა, კერძოდ კი მოჭიდავეებმა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერების მობილიზება უკვე დაიწყეს. „შეკრიბეს მოჭიდავეები და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო თხოვნით და ფინანსური მხარდაჭერით, უნდა მოხდეს არჩევნებში სპორტსმენების ხმების მობილიზება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. სპორტსმენებს დაავალეს, რომ უბნის ბიჭები შეკრიბონ და მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობა შესთავაზონ. არ დაუკონკრეტებიათ თანხა, მაგრამ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს მხარდამჭერი სპორტსმენები. მათ შორის ერთ-ერთი რამაზ ნოზაძეა, რომელმაც „ქართული ოცნების“ დანაბარები მოჭიდავეებთან მიიტანა და ბიძინა ივანიშვილის სახელით მხარდაჭერა ითხოვა“, - განუცხადა სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ. „2020NEWS“-ს რამაზ ნოზაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დონის სპორტსმენისთვის ასეთი შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელია. „ჩემთან რომ ვინმე მოვიდეს და ასეთი რამე მითხრას, ძალიან მაგრად გამოვლანძღავ. თუ სპორტსმენი ხარ და დამსახურებული კაცი ხარ, ასე ვერც უნდა მოგმართავდნენ და თუ ასეთი წინადადებით შენთან მოდიან, ე.ი. არ ხარ დამსახურებული სპორტსმენი და საქართველოსთვის არაფერი გიკეთებია. თუ ასეთ შემოთავაზებას დათანხმდი - მითუმეტეს. თუ ვინმე მსგავს შეთავაზებებს უკეთებს ვინმეს, არ ვიცი. ჩემამდე არ მოსულან. ერთადერთი, რაც ჩემთან ხდება, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები რაღაც ღონისძიებებზე მეპატიჟებიან ხოლმე და თუ მცალია მივდივარ თუ არა და არა. მე ხომ პოლიტიკოსი არა ვარ, არა? ღმერთს ვთხოვ, რომ არც გავხდე და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არ მომიხდეს. პოლიტიკას აკეთებენ პოლიტიკოსები. მე კი სპორტსმენი ვარ და სპორტსმენი კაცი როგორც უნდა იყურებოდეს, ზუსტად იმ ჭრილში ვუყურებ ყველაფერს“, - ამბობს ნოზაძე. კითხვაზე, უჭერს თუ არა „ქართულ ოცნებას“ მხარს, ნოზაძე აცხადეს, რომ ის ყველა მთავრობის მხარდამჭერია, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს. „მე ვარ ყველა მთავრობის მხარდამჭერი, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ მოდის ხელისუფლებაში. მე საქართველოს მოქალაქე ვარ და იმედიანად ვარ ყველა მთავრობის მიმართ. აი მაგალითად, უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხალხის დიდმა ნაწილმა აირჩია მთავრობა და მიმაჩნია, რომ რადგან ეს ასე მოხდა, ასეც უნდა იყოს. დამსახურებული ადამიანი ვარ და უფრო მეტი ადამიანი უსმენს ჩემს კომენტარს. ბევრი გულშემატკივარი მყავს და მაკვირდებიან, რას გავაკეთებ და როგორ“, - აცხადებს რამაზ ნოზაძე. შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით, 31 ოქტომბერს ჩატარდება. https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/38470-
0