0
გართობა ძველ თბილისში??‍♂️? ? შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე თბილისში ღამის ცხოვრება საკმაოდ ფეხმოკიდებულია. კლუბები და ფესტივალები დღეს აღარვის უკვირს, მაგრამ მოდი გავარკვიოთ რითი ერთობოდნენ ძველ თბილისში. ყველაზე პოპულარული დღესასწაული ძველ თბილისში იყო “ ბერიკაობა - ყეენობა “ იგი გარეგნულად ევროპულ კარნავალს, მასკარადს მოგაგონებდათ, მაგრამ თავდაპირველად ამ ფესტივალს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. როგორც გიორგი წერეთელი იხსენებს, ამ დღესასწაულის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ხალხი გამოხატავდა მათ თვალწინ ჩავლილ ისტორიას, რომ ქვეყანას მრავალი დამპყრობელი, ანუ ყეენი ჰყოლია, მაგრამ მათი მმართველობა დღეგრძელი არასდროს ყოფილა, ადრე თუ გვიან ქართველი ერი მაინც აღმდგარა და ბატონობისგან თავი დაუღწევია. აი რა მოხდა ერთ ერთ ყეენობაზე, რომელსაც კავკასიის მთავარმმართებელი ალექსეი ერმოლოვიც ესწრებოდა. “ მაშინ ის იყო სოლოლაკის უბანი შენდებოდა და მთელი ქალაქი წინასადღესასწაულო სამზადისში იყო. უბნები გაყოფილი იყო ორ ნაწილად ერთი იყო ისანი, მეორე იყო ნარიყალა. ნარიყალას ეხმარებოდნენ ვერის და ახალი სოლოლაკის მცხოვრებლები. თავად ერმოლოვსაც მათი მხარე ეჭირა. ისნის მხარეს კი ავლაბარი ჩუღურეთი და კუკია შეადგენდნენ. ისნელების ყეენი უნდა გამოსულიყო დილაადრიან, შემოსეოდა ქალაქს, დაეპყრო და ქალაქის გზაჯვარედინზე თავისი მოხელეები ჩაეყენებინა. ყეენმა მოიწყო სამეფო ტახტი დაახლებით დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიასთან მისი მსახურები იპყრობდნენ ხალხს და მიჰყავდათ ყეენთან პატივის მისაგებად. ასე განავრცო ყეენმა თავისი ძალაუფლება მთელს თბილისზე შუადღემდე, შუადღეს მას აცნობეს, რომ ქვეყანა აუჯანყდა და დაუმორჩილებლობას აცხადებს. ყეენი გაემართა ჯარით, მაგრამ უკვე გვიან იყო. იგი მეორე მხარის ჯარისკაცებმა ჩაიგდეს ტყვედ. როგორც ხედავთ ეს ერთი შეხევით საკმაოდ პრიმიტიული დღესასწაული საკმაოდ სენსიტიურ მესიჯებს ატარებდა და თავისი არსით ომსა და დაუმორჩილებლობას უწევდა რომანტიზებას და ღიად გამოხატავდა იმ დაფარულ გულის ზრახვებს , რომელიც ბევრს გააჩნდა. ეს არ გამოჰპარვია ერმოლოვის თვალს და ყეენობაში საომარი ელემენტები მთლიანად აკრძალა. ამის შემდეგ ყეენობის მნიშვნელობაც შეიცვალა მან თავისი შინაარსი დაკარგა, იგი უბრალოდ ცეკვა თამაშად გადაიქცა. მოგვიანებით ყეენობა მთლიანად გაქრა ქალაქში. მაგრამ სოფლებში ეს დღესასწაული შემორჩა მხოლოდ ბერიკაობის სახელით. ყეენობა და ბერიკაობა ერთ და იგივეა. ზუსტი თარიღი იმისა თუ საიდან მოდის ეს დღესასწაული უცნობია, ერთნი ფიქრობენ რომ იგი სათავეს მურვან ყრუს ლაშქრობების შემდეგ იღებს, მეორენი კი თვლიან, რომ ეს წარმართული დღესასწაულია. ეს ერთგვარი სოციალური თეატრია, ხშირად დატვირთული უხამსი ელემენტებითაც. საგულისხმოა რომ ყეენობა იმართებოდა დიდმარხვის პირველ დღეს ანუ ე.წ. შავ ორშაბათს სიმბოლურად ეს დღე გამოხატავდა იმ შავ მომავალს, რომელიც საქართველოს მტრის, ანუ ყეენის შემოსევის შედეგად უდგებოდა ხოლმე. თბილისის ყველა უბანს თავისი ყეენი გამოყავდა. ამ კაცს მორთავდნენ კარიკატურულად, თავზე დაახურავდნენ შაქრის წოწოლა ქუდს, ხმლის მაგივრად შამფურს დააჭერინებდნენ ხოლმე. აგრეთვე აუცილებლად ყეენი უნდა გამურულიყო. ყეენის ამალა გამვლელ გამომვლელებს გზას უღობავდა, ხელჯოხებს უღერებდა და ხარკის გადახდას სთხოვდა. ყეენი დუქნებშიც შედიოდა და იქიდანაც ითხოვდა გადასახადს, ვისაც ფული არ ჰქონდა ნატურით იხდიდა. ზოგჯერ ყეენი არ მოგზაურობდა, არამედ ერთ ადგილას იჯდა და ხალხი მასთან მიჰყავდათ პატივის მისაგებად. იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა უბნის ორი ყეენი ერთმანეთს შეხვდებოდა, პროცესია ჩერდებოდა და ყეენები ერთმანეთს უნდა დაჭიდებოდნენ ან ხელით, ან ხის ხმლებით. დამარცხებული ყეენის მთელი შეგროვებული ქონება გამარჯვებულის ხელში გადადიოდა. ყველა ყეენობას ერთი დასასრული ჰქონდა, ყეენს მტკვარში აგდებდნენ, ნიშნად ქართველების გამარჯვებისა დამპყრობელზე. ყეენი მტკვარში მურს ჩამოიბანდა და შემდეგ იწყებოდა შეგროვილი ქონებით ქეიფი, რომელიც მთელი კვირა გრძელდებოდა. დღეს ეს დღესასწაული გამქრალია, მახსოვს რამდენჯერმე იყო ბერიკაობა და ერთხელ დავესწარი, მაგრამ ის აღარაა პოპულარული ჩვენს დროში.
0