0
"ყოფნა არის ქმედება" - სოკრატე სოკრატე... კანონის დაუმორჩილებლობის ისტორიაში და საზოგადოდ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია პლატონის „კრიტო“, რომელშიც გადმოცემულია სოკრატესა და მისი მეგობრის კრიტოს საუბარი. სოკრატე მისმა თანამოქალაქეებმა ციხეში დაამწყვდიეს და სიკვდილი მიუსაჯეს. კრიტო გამოსავლის მონახვის მცდელობისას ცდილობს, დაარწმუნოს სოკრატე, გაიპაროს ციხიდან და დაარღვიოს დადგენილი წესები. სოკრატე უარს ამბობს და შეიმუშავებს იდეოლოგიას, რომელსაც „დაარწმუნე ან დაემორჩილე“-ს დოქტრინა ეწოდება. მას საფუძვლად უდევს მორალი, რომლის თანახმადაც, მოქალაქემ უნდა დაარწმუნოს თავისი მმართველი, შეცვალოს კანონი ან დაემორჩილოს ამ კანონს. იგი იმეორებს: „როგორც ომში, ისე კანონის სასამართლოში და ყველგან უნდა გააკეთო ის, რასაც შენი ქვეყანა გიბრძანებს, ან არა და უნდა დაარწმუნო იგი საყოველთაო სამართლის შესაბამისად, მაგრამ ორპირობა ცოდვაა საკუთარი მშობლების წინაშეც კი და კიდევ უფრო დიდი ცოდვაა შენი ქვეყნის წინაშე“. იგი აცხადებს, რომ თუკი კერძო პირს ასე ადვილად შეუძლია დაარღვიოს ადამიანთა მიერ დადგენილი წესი, ეს გამოიწვევს ქაოსს და დაანგრევს ყველა მიღებულ პრინციპს. სოკრატეს სამი არგუმენტი მოჰყავს კანონმორჩილების გასამართლებლად. პირველი ის, რომ სახელმწიფო არის მშობლიური დამოკიდებულების სახე ყოველი მოქალაქის მიმართ; მეორე: სახელმწიფო არის მცველი; მესამე: ყოველ მოქალაქეს მიცემული აქვს მორჩილების პირობა იმ ფაქტით, რომ დავაჟკაცების ასაკში ამ სახელმწიფოში ცხოვრობს. იმ კანონის დარღვევა, რომელზეც შენ თანხმობა განაცხადე, უღირსი საქციელია და ამან შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მომავალ თაობებზე. აშკარაა, რომ სოკრატე სრულიად არ აღიარებს კანონის დარღვევის შესაძლებლობას, პირიქით ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაამტკიცოს, რომ ადამიანის მიერ დაწერილი კანონი კარგია. იგი აცხადებს, რომ კანონის აღსრულებისაგან გაქცვით, ადამიანი ამტკიცებს უკანონო გადაწყვეტილების სისწორეს; ამდენად, მისთვის სასჯელის მიღება ერთგვარი მცდელობაა უსამართლო კანონის ნაკლოვანებების წარმოჩენისა. პლატონის „აპოლოგიაში“ სოკრატე ცდილობს წარმოადგინოს გამართლებული დაუმორჩილებლობის ცნება, რომელიც აუცილებლობის პრინციპს და უზენაესი მმართველისადმი დამორჩილებას ეყრდნობა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სასჯელი მიღებულ უნდა იქნეს, რაც მოგვიანებით დაუმორჩილებლობის ძირითად პრინციპად გადაიქცა.
0