ახალი ათონი - სამოთხე დედამიწაზე

0

ახალი ათონი

ყოფილი ფსირცხა
საოცარი ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ზოგადი ინფორმაცია

ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა - 4, 3 ათასი (1989 წ.) ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ ასევე მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს შორის საყოველთაოდ ცნობილია: წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (VII-VIII ს.ს.), ახალი ათონის მამათა მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დააარსეს, ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ივერიის მთაზე, ანაკოფიის ტაძარი (VII-VIII ს.ს.).
ახალი ათონის ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა და ტურისტთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს ბუნების შესანიშნავი ძეგლი – ახალი ათონის მღვიმე, მსოფლიოს უგრძესი მღვიმე მღვიმურ სისტემათა შორის. იგი მეზოზოური ასაკის კირქვებშია წარმოქმნილი და დარბაზების ნაკრებს წარმოადგენს. ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა ციტრუსების და ყურძნის მეურნეობები. ახალ ათონში მოქმედებდა 1 სანატორიუმი, 1 დასასვენებელი სახლი, 1 პანსიონატი და 3 ტურისტული ბაზა.

ახალი ათონის მღვიმე

ახალი ათონის, ანაკოფიის მღვიმეა და ივერიის კარსტული მღვიმე ერთ-ერთი განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა საქართველოში. მდებარეობა - ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე. კურორტ ახალი ათონიდან დაშორებულია 1, 5-2 კილომეტრით. ჯამური სიღრმე 183 მ, ჯამური სიგრძე 3285 მ, მოცულობა 1, 5 მლნ. მ³ გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგენურ კირქვებში. ახალი ათონის მღვიმე მოცულობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. შედგება 11 დარბაზისაგან.

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები

ახალი ათონის მღვიმე გამოირჩევა დარბაზების განსაკუთრებულობით, რომელიც შემკულია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით, ჰელიქტიტებით, სვეტებით, გაქვავებული ჩანჩქერებით, ფარდებით, მოფარდაგებულობით, კალციტის „ყვავილებით“ და „ფქვილით“, ოოლითებით, პიზოლითებით; არის კირქვის უზარამაზარი ლოდების გროვები და 20-30 მ სისქის თიხის ფენები.
სამხრეთულ დარბაზებში წყალდიდობისას წყალი იჭრება; მღვიმის უდაბლესი სართული წყლით არის ავსებული. ერთ-ერთი სიფონური ტბის სიღრმე 26 მ აღწევს. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა 12, 6 °C-14, 4°C-ს უდრის.

ისტორია

1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია ახალი ათონის მიდამოებში შეუდგა ლიტერატურაში მანამდე უცნობი კარსტული უფსკრულის შესწავლას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „უძირო ორმოს“ სახელით იყო ცნობილი. პირველმა კვლევამ ძალიან კარგად ჩაიარა; ჭებისა და ვიწრო ნაპრალების სისტემის დაძლევით, შეძლეს ჰორიზონტალურ ფსკერიან გიგანტურ მიწისქვეშა სიცარიელეში შეჭრა, რითაც დასაბამი მისცა ჩვენი დროის შესანიშნავი სპელეოლოგიური აღმოჩენების დასაწყისს. ახლად შესწავლილ მღვიმის დარბაზებმა, პირველ აღმომჩენთა უფლებით მიიღეს სახელწოდებები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „ივერია“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“ და „ჰელიქტიტების სალონი“. მომდევნო წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციები ახალი ათონის ხშირი სტუმრები გახდნენ. იკვლევდნენ მღვიმე-უფსკრულის მორფოლოგიის, ჰიდროლოგიის, ჰიდროგეოლოგიის, მიკროკლიმატის, მინერალოგიისა და სხვა საკითხებს.
უფსკრულში ყოველდღიური ჩასვლა და ამოსვლა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ საქართველოში პირველად საბაზო ბანაკები მოეწყო და ექსპედიციები ცხოვრობდნენ მიწისქვეშ. მეორე ექსპედიციამ, უფსკრულში 65, ხოლო მესამემ — 105 საათი დაჰყო. ახლად მიკვლეულ ბუნებრივ ძეგლზე გამოქვეყნებულმა პირველმა მასალებმა სათანადო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის რეკომენდაციებით მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული მიზნებისათვის აღნიშნული ძეგლის კეთილმოწყობის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა მეოთხე ექსპედიცია; მის შემადგენლობაში შევიდნენ ქართველი არქიტექტორები და დაიზაინერები. ექსპედიციის ამოცანას შეადგენდა მღვიმური სისტემის ინსტრუმენტული აგეგმვა, საცდელი კინომასალის გადაღება. ექსპედიციამ მიწისქვეშ 198 საათს დაჰყო. დასახული პროგრამა წარმატებით შესრულდა. ინჟინერ-მარკშაიდერებმა ქაღალდზე მთელი სიზუსტით გამოსახეს მიწისქვეშა ქალაქის „პროსპექტები“, ხოლო გადაღებულმა კინომასალამ, ინტერესი ამ ძეგლის კეთილმოწყობისადმი კიდევ უფრო გაზარდა.
1975 წლის 4 ივლისს ახალი ათონის მღვიმეში ამოქმედდა ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა, რომლის ხაზის სიგრძე 1291 კილომეტრია. აქვს 3 სადგური. აღსანიშნავია, რომ 1975-2014 წლებში ახალი ათონის მღვიმეს ემსახურებოდა რიგის ვაგონსაშენი ქარხნის მიერ გამოშვებული ელექტრომატარებელი „ტურისტი“, ხოლო 2014 წლიდან იგი შეცვალა ელექტრომატარებელმა ეპ-563-მა. ახალი ათონის მღვიმე ძირითად ტურისტულ-საექსკურსიო ტრასაზე მდებარეობს; საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან იგი დაშორებულია 430, ხოლო სოხუმიდან 24 კილომეტრით.
ქართულ ვიკიპედიაში ცალ-ცალკე გვაქვს მევიმის დარბაზები აღწერილი თავისი მახასიათებლებითა და გეოგრაფიული მდგომარეობით. პოსტს ახალი ათონის მონასტრით დავასრულებ

ახალი ათონის მონასტერი

(სრული სახელი: წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის მონასტერი ახალ ათონზე), მართლმადიდებლური ქრისტიანული მონასტერი დაარსებული 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის ბერების მიერ. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1884 წელს და 1896 წელს დასრულდა. კომპლექსის ასაგებად საჭირო გახდა მთის ნაწილის ჩამოჭრა და ათასობით ტონა მიწისა და მთის ქანების გატანა. საქმეს ართულებდა გეოგრაფიული მდებარეობაც. მიუხედავად ამისა, მშენებლობა 12 წელიწადში დასრულდა.
1883-1896 წლებშიც, ახალ ათონში გრძელდებოდა სამონასტრო ნაგებობებისა და ეკლესიის მშენებლობა. სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ კორპუსის ცენტრში 50 მეტრიანი სამრეკლოა. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია წმ. პანტელეიმონის, ხუთი გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი, რომელიც ე. წ. ახალბიზანტიური სტილითაა ნაგები და ისევე როგორც სატრაპეზო, შიგნიდან მთლიანად მოხატულია.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ახალი ათონის მონასტერს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
წყაროები: ქართული ვიკიპედია; nplg.gov.ge; სურათები და ვიდეო მასალა: გვერდი აფხაზეთი; სტატიაზე იმუშავა მარიამ თოფურიამ.
#აფხაზეთი
#აფხაზეთისაქართველოა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#sokhumidaily
#sokhumdaily
#sokhumi
#ახალიათონი
#ათონი
#ახალიამბები
0