თბილისის გამორჩეული ადგილები, სადაც ულამაზესი ფოტოების გადაღებას შეძლებთ

0
თბილისი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მათთვის, ვისაც ლამაზი სურათების გადაღება მოსწონს. აქ შეხვდებით, როგორც თანამედროვე სტილით ნაგებ შენობებს, ასევე, ძველი, ვინტაჟური სტილის სახლებს, ნაგებობებს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან თუ მრავალწლოვან ისტორიას იტევენ. სტატიაში გთავაზობთ თბილისში არსებულ იმ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ სილამაზე და ესთეტიკის ფონზე გადაღებული სურათები გიზიდავთ.

გალერეა 27

თუკი მოგწონთ ნათელი და ამასთან, ერთმანეთთან ჰარმონიაში არსებული ფერების თანწყობა, ბეთლემის სამ ნომერში არსებული ვიტრაჟებიანი სახლი სწორედ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. შენობაში შესვლისთანავე, თქვენ მოხვდებით გიგანტურ კალეიდოსკოპში, რომლის გასაოცარი ფერებიც ფოტოსურათებს შთამბეჭდავად წარმოაჩენს.

აბანოთუბანი

მათთვის, ვისაც განსაკუთრებით მოსწონს აზიური სტილი, ცისფერი ფერის გრადაცია და ტონალობები და ორნამენტებით გაფორმებული შენობები აბანოთუბანი ზედგამოჭრილი ადგილია. აბანოთუბანი ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც ცხელ მინერალურ წყლებზეა გაშენებული. ამავე ადგილთანაა დაკავშირებული თბილისის დაარსების ლეგენდაც.

ფაბრიკა

იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც უპირატესი ურბანული სტილი, სტრიტ არტი და პოსტმოდერნული მიმდინარეობაა, ფაბრიკა ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ლოკაციად იქცევა. აქ შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ მრავალფეროვანი ნამუშევრები. შენობას დღემდე შენარჩუნებული აქვს საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი იერსახე, რომელთანაც საინტერესო კონტრასტს ქმნის ე.წ. ჰიპსტერული ელემენტები, რაც საბოლოოდ ფოტოსურათებისთვის ულამაზეს ფონსა და გარემოს შეგიქმნით.

ძველი თბილისი

თუკი თქვენ სიძველესთან დაკავშირებული ადგილები მოგწონთ, ამ შემთხვევაში, სწორედ ძველი თბილისია ის ლოკაცია, სადაც გამორჩეულად ლამაზ სურათებს გადაიღებთ. ვიწრო ქუჩები, ძველი, რიკულებიანი, ორნამენტებით გაფორმებული აივნები გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის და სიძველის განცდას აღძრავს მნახველში.

ექსპო ჯორჯია

წერეთლის 118-ში არსებული ექსპო ჯორჯიას პავილიონი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც მრავალფეროვნება, ძველი და თანამედროვე სტილთა შეხამება მოსწონს. ამ ადგილას თქვენ შეძლებთ, არამხოლოდ მწვანე ბუნების ფონზე ფოტოსესიის მოწყობას, არამედ ე.წ. უკაცრიელ თეთრ პავილიონთანაც, რომელიც სასურათედ თეთრ, უნაკლო, სადა ფონს ქმნის. ამას გარდა, აქვე იხილავთ არტ-ინსტალაციებს, რომლებიც მნახველებს თავიანთი ამოუხსნელობითა და ამოუცნობი მნიშვნელობით ხიბლავენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
###თბილისი
###ფოტოგრაფია
###ლამაზიადგილები
###ძველითბილისი
###აბანოთუბანი
###გალერეა27
###ფაბრიკა
###tbilisidaily
0