0
ბიბლიური ფილოსოფია საზოგადოდ, ქრისტიანობა მმართველის მორჩილებას ქადაგებს, რამდენადაც იგი ღმერთისაგან არის მოვლენილი. ღმერთი ასაჩუქრებს მმართველს ბრძანების გაცემის უფლებამოსილებით ქრისტე მიმართავს მორწმუნეთ და ეუბნება მათ: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ“, მიუთითებს რა, რომ სამოქალაქო მმართველის პატივისცემა და მისი მორჩილება საყოველთაო კეთილდღეობისათვის მხოლოდ კარგის მომტანია. ამავე დროს, ექსტრემალურ სიტუაციაში, „როდესაც ცოდვა გარდაუვალია“, მიმდევრები უფლებამოსილნი არიან, არ დაემორჩილონ მმართველს და მის კანონებს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის დაწერილი ნორმები ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ მოწოდებულ უზენაეს წესს, რამდენადაც ღმერთის ნება სამოქალაქო მმართველის კანონზე უზენაესია. მოციქულთა საქმეებში, თავი 26, მითითებულია, რომ „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ და არა ადამიანს“, ამდენად, კანონის ძალა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება იგი უზენაეს ნებას. ქრისტიანებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გააუმჯობესონ ადამიანის მიერ შექმნილი კანონი, გააუქმონ უსამართლო და ამორალური წესები. უფრო მეტიც, ადამიანი უნდა იღვწოდეს სხვათა უფლებებისა და კეთილდღეობისათვის. ბიბლიაში მოყვანილია დაწერილი წესისა თუ კანონის დაუმორჩილებლობის მრავალი მაგალითი, რომლებშიც დაუმორჩილებლობა წარმოდგენილია ქმედებითი ფორმით ან პასიურობით, ანუ უმოქმედობით. მკვლელობის ამკრძალავი ღმერთის კანონის დაცვისას ებრაელმა ბებიაქალებმა უარყვეს ფარაონის კანონი და უარი განაცხადეს ახალშობილთა მკვლელობაზე. სედრაკი, მისაკი და აბედნაქო არ ეთაყვანებოდნენ ოქროს ქანდაკებას მეფე ნაბუქოდონოსორის განკარგულების მიუხედავად, რამდენადაც ითვლებოდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა იყო. მოგვებმაც არ გაუმხილეს ჰეროდეს ჩვილი იესოს ადგილსამყოფელი.
0