ასეთი კაცი სამშობლოს ღალატისთვის დახვრიტეს

0
გსმენიათ ვასილ ჩიტაძეზე? წაიკითხეთ ეს პოსტი აუცილებლად! ალბათ უფრო ზესტაფონელებმა უნდა იცოდნენ, შეიძლება ჭიათურელებმაც. რა მაგარი კაცი ყოფილა და რა სამსახური გაუწია თავის სამშობლოს? პარადოქსია...მოგვიანებით შემდეგ სამშობლოს ღალატის საბაბით დახვრიტეს. აღნიშნულ სურათზე ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი თაობის ინჟინერ-მეტალურგები არიან აღბეჭდილნი. ფოტოს ქვედა ზოლში, მარცხნიდან მეორე პიროვნება ვასილ ჩიტაძე გახლავთ, მის გვერდით, მესამე - მისი მეუღლე ქსენია სადრაძე. ვასილ ჩიტაძე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი სადნობი საამქროს უფროსი, საქართველოს თანამედროვე ელექტრომეტალურგიის წარმოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჭიათურის მაღალხარისხოვანი მანგანუმის გამოყენებით შემუშავებული ფეროშენადნობების უნიკალური რეცეპტის ავტორი გახლდათ. მან შესწორება შეიტანა „სიმენსის" მიერ დაპროექტებული ელექტროღუმელების მუშაობაში. ფშქ-ს პირველი სადნობი ღუმელების გამოსაშვებ ხვრელებზე მაცივარი მოაწყო, რითიც ფეროშენადნობების მიღების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ვასილ ჩიტაძე გიორგი ნიკოლაძის მოსწავლე გახლდათ. სწორედ ნიკოლაძემ გაუწია მას რეკომენდაცია საფრანგეთის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში, კერძოდ, გრენობლის ელექტრო-ქიმიურ და ელექტრო-მეტალურგიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მიერ წამოწყებულ ქართული მეტალურგიის დაფუძნების საქმეში ჩაერთო. 1933-1937 წლებში ვასილ ჩიტაძე ზესტაფონში მოღვაწეობდა. 1937 წელს, როდესაც მან ფეროშენადნობების ტექნოლოგიურ სფეროში ახალი მეთოდის დანერგვაზე დაიწყო მუშაობა, იგი დაიჭირეს და დახვრიტეს. მისი ლიკვიდაციის ერთ-ერთი მოტივი გამოგონილი ბრალდება იყო, თითქოსდა, ის ფეროშენადნობთა ქარხანაში გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ, ჯაშუშურ-დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა. ვასილ ჩიტაძის, როგორც სახელოვანი მეცნიერ-მეტალურგის სახელი მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ტაბუდადებული იყო. ეს ფოტო გახლავთ ერთადერთი ფოტომატიანე, რომელიც მეცნიერის ფიზიკურ ვინაობას გვამცნობს. ფოტო და ინფორმაცია ჯორჯიან მანგანეზი - Georgian Manganese -ის ფეისბუქ გვერდიდან წამოვიღე, ღირს ეს ამბავი გასავრცელებლად
0