ღირსი და ღმერთშემოსილი ათანასე ათონელი (+920/1000)

0
ღირსი ათანასე ათონელი დაახლოებით 920 წელს დაიბადა კავკასიასთან ახლოს მდებარე ქალაქ ტრაპეზუნტში (ტრაპიზონი). მამამისი წარმოშობით დიდი ანტიოქიიდან ყოფილა, დედით კი ლაზი გახლდათ. მამა მის დაბადებამდე გარდაცვლილა. დედაც, თავისი პატარა მოუნათლავს თუ არა, სამარადისო სამყოფელში გადასახლებულა. აბრამის (ასე უწოდეს ნათლობისას წმინდა ათანასეს) აღზრდა თავს უდვია ერთ კეთილშობილ ქალბატონს, დედამისის მეგობარს. ათანასეს სახელით აბრაამი გახდა მართლმადიდებლური მონაზვნობის უდიდესი მოღვაწე. ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო. ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი... და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტო დარჩენილი ნეტარი ათანასემ წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით. „ვინ ხარ და საით მიდიხარ?“ - ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. -„მე აქაური ბერი ვარ“, - უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. -„და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!“ -„შენ ვინა ხარ?“ - ჰკითხა ათანასემ. „მე დედა ვარ შენი უფლისა“, - მიუგო უცნობმა და წმიდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს. ის ცხოვრობდა ანგელოზებრივი ცხოვრებით. გადმოცემები ამ ცხოვრებისა და იმ სასწაულების შესახებ, რომელთაც ათანასე აღასრულებდა, მონაზვნური ცხოვრების ისტორიის მიმზიდველ ფურცლებს მიეკუთვნება.
#მართლამდიდებლური
#წმიდა
#მამა
#ღირსი
#ათანასე
#ათონელი
0