0
ჰენრი დევიდ ტორო ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი და ნატურალისტი, ჰენრი დევიდ ტორო, ერთ-ერთი მათგანია, ვინც ძალზე დიდი წვლილი შეიტანა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დღევანდელი გაგების ჩამოყალიბებაში და მხარი დაუჭირა რადიკალური უთანხმოების მოძრაობას. იგი პირველი იყო, ვინც შემოიტანა ტერმინი „სამოქალაქო“, რათა ხაზი გაესვა დაუმორჩილებლობის სამოქალაქო მნიშვნელობისა და როლისათვის სახელმწიფო მმართველობის ნაკლოვანებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ტორო მოუწოდებდა მონობის გადაგდებისაკენ, კერძოდ, იგი ეწინააღმდეგებოდა 1850 წლის კანონს გაქცეული მონების შესახებ. კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებდა პირებს, ძირითადად ჩრდილოეთიდან, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ან თავშესაფარს აძლევდნენ გაქცეულ მონებს. 1846 წელს ტორომ უარი განაცხადა საარჩევნო გადასახადის გადახდაზე, რითაც თავისი პროტესტი გამოხატა ამერიკის მიერ მექსიკაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ და ამისათვის იგი ციხეში ჩასვეს. კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულება ტორომ აღწერა თავის ცნობილ ესეში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ“, რომელიც შემდგომში პრაქტიკულად ბიბლიად გადაიქცა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობისათვის მთელ მსოფლიოში და დღემდე „იგრძნობა მისი არსებობა ამერიკის ცხოვრებაში“. ტორო აღწერს მთავრობას, როგორც არასტაბილურ ერთეულს, რომელიც ადვილად ექვემდებარება უზურპაციას და მისი განადგურება ან დამახინჯება ძალზე ადვილია. უმცირესობას ამგვარ პირობებში არ გააჩნია საკმარისი ძალაუფლება კონკურენციის გასაწევად. ასე რომ, კანონი უმცირესობისათვის ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენს, როგორც იარაღი უმრავლესობის ნებისათვის. ე.ი. ის ძალაუფლების დათრგუნვის საშუალებაა და, ამდენად, იგი არ შეიძლება იყოს ამოსავალი წერტილი, პირიქით, პატივი უნდა ვცეთ უფლებას და უფლება უნდა იყოს ყოველი დაწერილი აქტის ამოსავალი წერტილი. იგი ამბობს, რომ „უპირველესად ჩვენ უნდა ვიყოთ კაცნი, და მხოლოდ შემდეგ - სუბიექტები“. ტორო ღიად აკანონებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იმ პირობით, რომ იგი რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დაუმორჩილებლობის ძირითადი პირობა ტირანიის გარემოა, რომელიც ეფექტურია და თვითონ კვებავს თავის თავს. ამ შემთხვევაში იგი აღიარებს რევოლუციის უფლებას, მაგრამ არა სისტემის გაუმჯობესების ან შეცვლისათვის, ან „ცუდის აღმოფხვრისათვის“ (განსხვავებით მრავალი სხვა მოაზროვნისაგან, რომლებსაც მოგვიანებით განვიხილავთ), არამედ ვიღაცის „ბინძური“ თამაშისაგან, ამორალურობისაგან თავის დასაღწევად. მისი აზრით, ადამიანის მოვალეობაა, მხარი არ დაუჭიროს ცუდი კანონების ცხოვრებაში გატარებას. იგი მხოლოდ სწორი საქციელის ჩადენის ვალდებულებას აღიარებს, ხოლო სწორი ის არის, რაც გამართლებულია სინდისით და არა მექანიკური კანონის მიღებით. სხეულისაგან განსხვავებით, სინდისს ვერ გააკონტროლებს მთავრობა, რომელსაც უფრო მეტი ფიზიკური ძალაუფლება გააჩნია, ხოლო სინდისიერება სამართლიანობის ეფექტური მაჩვენებელია და იარაღი მჩაგვრელის წინააღმდეგ. კანონის ერთგულება, მთავრობის ქმედებებისა და პოლიტიკის გამტყუნების შემთხვევაშიც კი, არანაირ შედეგს არ იძლევა, რადგანაც პასიურობა ადამიანს სიბოროტის გაცნობიერებულ მხარდამჭერად აქცევს. ტოროს აზრით, „უსამართლობის აგენტობის“ თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური და შესაფერისი საშუალებაა კანონის დარღვევა `სიბოროტის მანქანის“ გასაჩერებლად. „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ“ არ არის უბრალო ფილოსოფიური ნამუშევარი. იგი მოუწოდებს მასებს და აქტიური სამოქალაქო პოზიცია დაიკავონ. ტოროს აზრით, „უმცირესობა უძლურია მანამ, სანამ უმრავლესობას ექვემდებარება; ამ შემთხვევაში ის უმცირესობაც კი არ არის; მაგრამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი ხდება, როდესაც მთელი თავისი სიმძლავრით იჩენს თავს“. როდესაც იგი გულწრფელად განუდგება მთავრობას, უმრავლესობა იძულებული გახდება, ხელი აიღოს თავისი პოლიტიკის გატარებაზე. იგი მოუწოდებს ხალხს, გამოიყენონ დაუმორჩილებლობის ტექნიკა, არ გადაიხადონ გადასახადები, წამოვიდნენ სამსახურებიდან და მიიღონ სასჯელი, როგორც ამას მოითხოვს უსამართლო სახელმწიფო. და თუ ხალხი განუდგება მთავრობას და აღარ დაუჭერს მას მხარს, მთავრობას სხვა გამოსავალი არ დარჩება და იგი ხელს აიღებს თავისი არამართებული პოლიტიკის წარმართვაზე. „ადამიანი მოვალეა, შეწყვიტოს საკუთარი უმწეობის მხარდაჭერა“ სახელმწიფო მმართველობის სახელით.
0