ილონ მასკი_

0
კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ჯო როგანის პოდკასტში Neuralink-ის ტექნოლოგიის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც ტვინში ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების იმპლანტაციაა. სამხრეთაფრიკული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის თქმით, მისი ადამიანებზე გამოცდა წელიწადზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი. კომპანია Neuralink, რომლის ერთ-ერთი დაამაარსებელიც თავად ილონ მასკია, უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ, ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.  "ჩვენ თავის ქალის პატარა ნაწილს ამოვჭრით და იქ სპეციალურ მოწყობილობას ჩავაყენებთ, რის შემდეგაც ელექტროდებს ტვინს დავუკავშირებთ. ის ტვინის სხვადასხვა ნაწილთან ურთიერთქმედებას შეძლებს და ადამიანებს დაკარგული ფუნქციების აღდგენაში დაეხმარება", - განაცხადა მასკმა. Neuralink-ის ტექნოლოგია ფართო საზოგადოებას 2019 წელს წარუდგინეს. პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ კომპანია სპეციალური N1 ჩიპის შექმნაზე მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ადამიანის ტვინში ოთხ ასეთ ჩიპს ჩადგამენ, რომელთაგან სამი მოტორიკაზე, ერთი კი სხეულის მიერ გარე გამაღიზიანებლების შეგრძნებაზე პასუხისმგებელ არეში განთავსდება. თითოეული თმაზე თხელი ელექტროდებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც ტვინში ლაზერული სიზუსტით სპეციალური აპარატით ჩაინერგება. მათი საშუალებით ნეირონების სტიმულაცია მოხდება. ფოტო: Neuralink ილონ მასკის თქმით, ჩიპი უკვე წარმატებით გამოსცადეს თაგვსა და მაიმუნზე. ჩატარებულ ექსპერიმენტში კალიფორნიის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მისი სიტყვებით, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის გარდა, მომავალში ტექნოლოგიამ ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სიმბიოზი უნდა უზრუნველყოს. "ჩვენ ნაწილობრივ უკვე კიბორგები ვართ. გვაქვს სმარტფონები, ლეპტოპები და სხვა მოწყობილობები. დღეს, თუ სმარტფონი სახლში დაგრჩებათ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს რომელიმე კიდური დაკარგეთ", - განაცხადა მასკმა. მილიარდერის აზრით, შორს არ არის დრო, როდესაც Neuralink-ის საშუალებით ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას უსიტყვოდ, ფაქტობრივად, ტელეპატიურ დონეზე შეძლებენ. მისი თქმით, ტექნოლოგიაზე მუშაობის ტემპის ზრდის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ეს ათი წლის შემდეგ მოხდება
#feedcgrant
Feedc
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#ახალიამბები
0