0
მაჰათმა განდი მაჰათმა განდი იყო ინდოეთის გამოჩენილი ეროვნული ლიდერი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა განთავისუფლების სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიით. მისი წვლილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის განვითარებაში არა მხოლოდ თეორიულია: მან წამოიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მოძრაობა კაცობრიობის ისტორიაში. განდიმ მთელი თავისი ცხოვრება სამხრეთ აფრიკაში რასობრივი დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. მშვიდობიანი წინააღმდეგობის მეთოდებით მაჰათმა განდიმ მიაღწია ინდოეთის დამოუკიდებლობას დიდი ბრიტანეთის კოლონიალური მართვისაგან. მრავალი სხვადასხვა ტექნიკა, რომელთაც იგი სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში იყენებდა, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა შემდგომი მოძრაობებისათვის. მან შექმნა ძალაუფლებისა და თანხმობის, დომინირებისა და წინააღმდეგობის ურთიერთქმედების მაგალითი. ლიდერისა და ორგანიზატორის განსაკუთრებული მონაცემები დაეხმარა მას, ფეხზე დაეყენებინა ინდოელი ხალხი და დაერწმუნებინა ისინი, რომ არსებობს ხალხის ძალაუფლება, ძალაუფლება, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სიტუაცია, თუკი წინ აღუდგებიან არსებულ მდგომარეობას. განდიმ შექმნა ერთგვარი სახელმძღვანელო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობისათვის, ფილოსოფიური ნაშრომი „სატიაგრაჰა - შატყაგრაჰა“, რომელიც სახელმძღვანელო იყო ინდოელებისათვის, რათა მათ არაძალადობრივი ბრძოლა ეწარმოებინათ ბრიტანეთის ძალაუფლების წინააღმდეგ. სიტყვა „შატყაგრაჰა“ ნიშნავს სიმართლისათვის თავდადებას ან სიმართლის ძალას. ტოროს ფილოსოფიის მსგავსად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი მშვიდობიანი გზით უარყოფს ბოროტს, მას გაეხსნება სიმართლის ხედვა, ანუ შატყაგრაჰა. ეს ნაშრომი სრულებით უარყოფს ნებისმიერ საიდუმლოებას და გახსნილია ყველასათვის, ვისაც სურს, ეძიოს სიმართლე. მისი მიზანი არ არის გამარჯვება ან დამარცხება, მისი საბოლოო მიზანია ჰარმონიის მიღწევა გაუმჯობესებისათვის. განდი ქადაგებდა ხალხის ნების უზენაესობას მთავრობის უსამართლობაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრძოლა უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ უბრალო მოქალაქეობრივი უფლება არ არის, ეს მისი წმინდა მოვალეობაა. ამავე დროს, იგი სრულებით უარყოფს „დამაზიანებელი საშუალებების“ გამოყენებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზნების მიღწევის საქმეში. იგი მიუთითებს, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა შეცვლის პოლიტიკასა და ტირანიას და არასოდეს მიმართავს იძულების რაიმე მეთოდს. განდიმ კარგად იცოდა, რომ ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ანარქიასა და ქაოსში გადაიზარდოს. მოვლენათა ამგვარი განვითარების გამოსარიცხად იგი ამტკიცებდა, რომ მიღებულ უნდა იქნეს მკაცრი ზომები, კერძოდ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, როდესაც სახელმწიფო სჩადის „დიდ ბოროტებას“, და მხოლოდ იმ ხალხის მიერ, ვისაც განსაკუთრებული დადებითი თვისებები ახასიათებს. მთელი თავისი სიცოცხლისა და გამოცდილების განმავლობაში განდიმ დაამტკიცა, რომ თუკი უსამართლო და ამორალური გარემოებების გამო ხალხის აღშფოთება და უკმაყოფილება გარკვეულ დონეს მიაღწევს, ამის ყველაზე რეალური დასასრული იქნება მმართველის გადაგდება, მაგრამ ძალადობის გამოყენების გარეშე, პირიქით, მშვიდობისა და არათანამშრომლობის გზით, რომელიც მმართველს საყრდენს გამოაცლის. სამხრეთ აფრიკაში მისი ბრძოლა თანასწორობისა და თავისუფლებისათვის ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების წინააღმდეგ ამგვარი ბრძოლა მხოლოდ თეორიული არ არის, არამედ მისი პრაქტიკული განხორციელებაც სავსებით რეალურია. განდი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა თავისთავად უფლებაა: „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის უფლება, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონით, მაგრამ რომელიც უარყოფილია ... ბოროტთან არათანამშრომლობა ისეთივე მოვალეობაა, როგორიც სიკეთესთან თანამშრომლობა ... მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა გზამ, რომელიც კაცობრიობამ სიყვარულითა და სიმართლით გაიარა, გამარჯვებამდე მიიყვანა იგი. იყვნენ ტირანები ... და გარკვეული დროის მანძილზე ისინი შეიძლება უძლეველნი ჩანდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი ყოველთვის ეცემოდნენ, ყოველთვის“.
0