18 იანვარი

14
სავსემთვარეობა🌚🌑🌚🌑🌚🌑🌕

18 იანვარს დაბადებულები

18 იანვარს ძლიერი პიროვნებები იბადებიან. ისინი მამაცი, თავდაჯერებული, მიზანმიმართული ადამიანები არიან. მათ ცხოვრებაში მოვლენები - როგორც სასიხარულო, ისე უსიამოვნო - ამოუწურავია. თუმცა, გადალახავენ რა სირთულეებს, სტაბილურობის პერიოდი უდგებათ. ჩვეულებრივ, ამ დღეს დაბადებულებს ბევრი მეგობარი ჰყავთ და ისინი მზად არიან, მათთან ერთად გაიზიარონ ამ დღეს დაბადებულთა ცხოვრების სიმძიმეები. ასევე ცოტა არ ჰყავთ მოშურნეებიც, ისინი ყოველ წუთს მზად არიან ზურგში ლახვრის ჩასაცემად, საჭორაოდ, ინტრიგების ჩასახლართავად. მათი მატერიალური სფერო ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ განვითარდება. ოჯახური ცხოვრება, როგორც წესი, წარმატებული აქვთ.
18 იანვარს დაბადებულებში ბავშვური სული სიბერემდე არ ქრება. ისინი არიან გულუბრყვილონი და არასდროს - ანგარიშიანი, ძუნწი და ხარბი. გამოიყურებიან ბუნებრივად და ჰარმონიულად; სწყურიათ მხიარულება და არ სურთ თავის სერიოზული პრობლემებით დამძიმება. მაგრამ ადრე თუ გვიან ეჯახებიან ცხოვრებისა თუ საზოგადოების მხრიდან წამოყენებულ მაღალ მოთხოვნებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებისთვის მთავარი მიზანი უნდ გახდეს სურვილი, რომ გაიზარდონ და ამავე დროს, შეინარჩუნონ ბუნებრიობა და ბავშვური სილაღე.
ამ დღეს დაბადებულები არაჩვეულებრივი მშობლები არიან; ცხოვრობენ ბავშვების მოთხოვნების ტალღაზე; თუმცა, საკუთარ მშობლებთან ხშირად აქვთ კონფლიქტები ყმაწვილობისას.
ამ დღეს დაბადებულები იოლი და უზრუნველი ცხოვრებისკენ ისწრაფვიან, თუმცა საკუთარი აზარტის წაქეზებასა და სტიმულაციას საჭიროებენ. თუ რეალურ ცხოვრებაში წამქეზებელ ადამიანებს არ ხვდებიან ან მღელვარე მოვლენებს არ აწყდებიან, ფანტაზიების სამყაროში იძირებიან, სადაც ყველაფერი მარტივად არის და ნებადართულია. ამაში იმალება სამყაროსგან იზოლირების საშიშროება. განათლებული და ინტელექტუალები ახერხებენ ფანტაზიებიდან საუკეთესოს გადმოტანას რეალობაში, საქმეებში, პროექტებში და პოულობენ ძველი პრობლემების გადაჭრის ახალ ხერხებს.

18 იანვარს დაბადებულები:

ფრანგი ფილოსოფისი შარლ ლუი დე მონტესკიე. 
“დესპოტური ძალაუფლების ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ ერთი ადამიანი, რომელიც მას უნდა ახორციელებდეს, მას განახორციელებინებს ერთ სხვას. ადამიანი, რომელსაც მისი ხუთივე გრძნობა გამუდმებით ეუბნება, რომ იგი ყველაფერია, დანარჩენი კი არაფერი, ჩვეულებრივ, ზარმაცი, უვიცი და ავხორცი ხდება. ის თავს ანებებს საქმეებს. მაგრამ თუ საქმეები ბევრს მიანდო, ეს გამოიწვევს კამათს მათ შორის. მოეწყობა ინტრიგები პირველი მონის ადგილის დასაკავებლად. ხელმწიფე იძულებული იქნება დაუბრუნდეს მმართველობას...“
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ნათლისღების წინა დღეს, წყლისკურთხევის დღეს.

 ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადავიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
ნათლისღების წინა დღე მარხვით აღინიშნება. მორწმუნეები შეძლებისამებრ მკაცრად მარხულობენ და ნათლისღების დღესასწაულს ასე ხვდებიან.

დღის საკითხავი

ვინ არის ინტილიგენტი 
„მაღალი ინტელიგენტური სული დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ ტრიალებს. იმიტომ, რომ ნამდვილი ინტელიგენცია ჩვენ, არსებითად, არ გვყავს. მე ინტელიგენტში არ ვგულისხმობ ისეთ კაცს, რომელსაც ახლა ეძახიან ინტელიგენტს და რომლის ინტელიგენტობის მთავარი ნიშანი უმაღლესი განათლების მოწმობაა. ასეთი ინტელიგენტები არათუ გვყავს, იმაზე მეტიცა გვყავს, ვიდრე სასურველია.
ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული აქვს და მხოლოდ სულიერ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს.
ასეთი ინტელიგენტი, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი მოვლენაა. ბუნებრიობა მისი არსებობის ყოვლისმომცველი ფორმაა, შეიძლება ითქვას, ის ენაა, რომელზედაც მისი ცხოვრების ისტორია იწერება.
ამიტომ ინტელიგენტის ნიშან-თვისებებზე ლაპარაკი არასწორი იქნება. არ შეიძლება, მაგალითად, იმის თქმა, რომ პატიოსნება ინტელიგენტის თვისებაა, როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ სუნთქვა ადამიანის თვისებაა. სუნთქვა არის არა თვისება, არამედ გარდუვალობა. ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია პატიოსანი არ იყოს, დემოკრატი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს... ან: ინტელიგენტს არ შეუძლია პატივმოყვარე იყოს, ამპარტავანი იყოს, შური აწუხებდეს, ცდუნებას აჰყვეს, კრიტიკა აღიზიანებდეს, ჩინ-მედლებს მიელტვოდეს...“
ნაწყვეტი პუბლიცისტური წერილიდან „მონოლოგი დიალოგიდან“
14