საკულტო დიზაინერები და მათი მუზები

0
მოდის სამყაროში, დიზაინერების გავლენა არ იქნებოდა ისეთი დიდი, რომ არა ცნობილი სახეები, ვარსკვლავები, რომლებიც ამ სამოსს მსოფლიოს წარუდგენენ. შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევები, როცა დიზაინერების შემოქმედების ტრაექტორია სწორედ მათმა მუზებმა განსაზღვრეს. ცნობილი მსახიობების, მუსიკოსების, სატელევიზიო სახეებისა და მოდის დიზაინერების კოლაბორაციამ არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ მადონას საკულტო სასცენო კოსტიუმი, რომლის დიზაინი ჟან პოლ გოტიეს ეკუთვნის.
თვალი გადავავლოთ მოდის ინდუსტრიის წამყვანი დიზაინერებისა და მათი ცნობილი მუზებისის შთამბეჭდავ დუეტს.

იუბერ დე ჟივანში და ოდრი ჰეპბერნი

მოდის სახლ Givenchy-ის დამფუძნებლის და ლეგენდარული მსახიობის - ოდრი ჰეპბერნის დუეტი არ იყო მხოლოდ დიზაინერისა და მისი მუზის კოლაბორაცია - ეს იყო მეგობრობა, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა. სწორედ იუბერ დე ჟივანშის ეკუთვნის საკულტო 'Little black dress', რომლითაც ოდრი გამოჩნდა ფილმში - Breakfast at Tiffany's. “ეს არის ტანსაცმელი, რომელშიც მე - მე ვარ. ის არ არის მხოლოდ დიზაინერი, ის არის პიროვნულობის შემქმნელი” - ამბობდა ოდრი. ოდრი ჰეპბერნთან თანამშრომლობის შემდეგ, ჟივანშიმ კიდევ უფრო დიდი აღიარება მოიპოვა და მისი, როგორც დიზაინერის გავლენა მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ივ-სენ ლორანი და ბეტი კატრუ

სტილის კერპად აღიარებული მოდელი, ბეტი კატრუ ივ-სენ ლორანის ერთ-ერთი გამორჩეული მუზა იყო. დიზაინერმა და მოდელმა ერთმანეთი პარიზის ღამის კლუბში გაიცნეს. მათი მეგობრობა და საქმიანი თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი კოლაბორაციაა მოდის ინდუსტრიის ისტორიაში.

ბობ მაკი და შერი

შერი მოდის ICON-ად აღიარებული ვარსკვლავია. 1974 წელს, ის სწორედ ბობ მაკის კოსტიუმით გამოჩნდა MET GALA-ზე, მაკისავე შექმნილი შავი კაბა ეცვა 1988 წელს ოსკარის დაჯილდოებაზე. ეს იყო წელი, როცა შერის ამერიკის კინოაკადემიამ კინოინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა.

ჟან-პოლ გოტიე და მადონა

ჟან პოლ გოტიეს და მადონას კოლაბორაციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მომღერლის სახელგანთქმული ბიუსჰალტერი, რომელიც 1990 წლის Blonde Ambition-ის მუსიკალური ტურნეს ფარგლებში ეცვა. გოტიემ მადონასთვის კიდევ არაერთხელ შექმნა სასცენო კოსტიუმი. დიზაინერისა და მისი პოპვარსკვლავი მუზის მეგობრობა დღემდე გრძელდება. 90-იანი წლების საკულტო სასცენო კოსტიუმი კი, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქმნილებად მიიჩნევა, რომელიც არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

კარლ ლაგერფელდი და ინეს დე ლა ფრესანჟი

1982 წელს, ინეს დე ლა ფრესანჟი გახდა პირველი მოდელი, რომელმაც ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა მოდის სახლ Chanel-თან და ლაგერფელდის მუზად იქცა. 1989 წელს, ლაგერფელდსა და ინესს კონფლიქტი ჰქონდათ, მიზეზი ფრესანჟის გადაწყვეტილება იყო მოდელობა გაეწია საფრანგეთის სიმბოლოს - Marianne-ს ბიუსტის შექმნის პროცესში. საბოლოოდ, მოდელი და დიზაინერი კვლავ შერიგდნენ და თანამშრომლობა აღადგინეს. 2011 წელს, 53 წლის ფრესაჟი, Chanel-ის ჩვენებაზეც გამოვიდა.

ჟან-ლუი დიუმა და ჯეინ ბირკინი

დიუმას და ბირკინის თანამშრომლობა არ იყო მხოლოდ დიზაინერისა და ცნობილი ვარსკვლავის კოლაბორაცია - მათმა შეხვედრამ ისტორია შექმნა. Hermès-ის ყოფილი ხელმძღვანელი და ბირკინი ერთმანეთს 80-იან წლებში, ერთ-ერთი ფრენისას შეხვდნენ. ჟან-ლუი ბირკინის გვერდით იჯდა, რა დროსაც ჯეინს ჩანთიდან ნივთები გადმოუცვივდა. მოგვიანებით, ჯეინ ბირკინი ინტერვიუში იხსენებდა - “მან მითხრა, შენ გჭირდება ჩანთა ჯიბეებით. მე წარმოვადგენ Hermès-ს და ასეთ ჩანთას მე შევქმნი შენთვის”. ასე იქცა ჯეინ ბირკინი მისივე სახელობის ცნობილი ჩანთის მოდელის ინსპირაციად. დღეს Hermès-ის 'Birkin' მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული აქსესუარია.

ჯერემი სკოტი და დევონ აოკი

Moschino-ს შემოქმედებით ხელმძღვანელ ჯერემი სკოტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს სუპერმოდელ დევონ აოკისთან და მას “მუდმივ მუზად” მოიხსენიებს. 2016 წელს, აოკი დაახლოებით 8 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა პოდიუმზე და ეს სწორედ Moschino-ს ჩვენება იყო - სუპერმოდელმა მოდის სახლის 2017 წლის რეზორტ კოლექციის შოუ დახურა.

ნიკოლა ჟესქიერი და შარლოტ გინსბურგი

ნიკოლა ჟესქიერისათვის, შარლოტი დიდი მუზა აღმოჩნდა. მათი კოლაბორაცია ვიხილეთ, როგორც დიზაინერის Balenciaga-ში ყოფნისას, ასევე - Louis Vuitton-ში მოღვაწეობისას.

მარკ ჯეიკობსი და სოფია კოპოლა

ჯეიკობსი ხშირად პოულობს ინსპირაციას სუპერმოდელებში, თუმცა, რეჟისორი სოფია კოპოლა მისი მუზა 20 წელზე მეტხანს იყო. სოფიამ და მარკმა ერთმანეთი დიზაინერის 1992 წლის "grunge" კოლექციის ჩვენებაზე გაიცნეს. მალევე მიხვდნენ, რომ ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ და ასე იქცა სოფია ჯეიკობსის მუზად.

ტომ ფორდი და ჯულიანა მური

ტომ ფორდი, როგორც წესი, ყველაზე აღიარებულ ვარსკვლავებთან თანამშრომლობს, ჯულიანა მური კი, მისთვის მუზად იქცა. დიზაინერი რეგულარულად ზრუნავს მსახიობის ჩაცმულობაზე წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მური ხშირად სახელდება ჰოლივუდის ყველაზე გემოვნებიან მსახიობად. ტომ ფორდის და ჯულიანა მურის კოლაბორაცია გასცდა მოდის ინდუსტრიის საზღვრებს. 2009 წელს, ტომ ფორდმა, როგორც რეჟისორმა, მური მთავარ როლზე დაამტკიცა კინოსურათში - A Single Man.

პიერპაოლო პიჩოლი და ადუთ აკეჩი

პიერპაოლოს საქმიანობა Valentino-ში, კრიტიკოსების მიერ დადებითად არის შეფასებული - ამას ავტორიტეტული ჯილდოები და გავლენიანი რედაქტორებისა და ავტორების რეცენზიები ადასტურებს. ადუთ აკეჩი კი, მისი მუზა - ყოფილი ლტოლვილი და უკვე ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სუპერმოდელია. 2019 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში აკეჩმა თქვა - Valentino-ში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. პიჩოლი ქმნის სამოსს, სადაც მე ნამდვილად საკუთარი თავი ვარ.

ედი სლიმანი და ლედი გაგა

Saint Laurent-ის ყოფილი და Celine-ის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ედი სლიმანი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სიყვარულით როკ და პოპვარსკვლავების მიმართ. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ მის ერთ-ერთ მუზად მოდის Icon-ად აღიარებული მომღერალი Lady Gaga იქცა.
0