ქუთაისელი გმირი ქალის ტრაგიკული ისტორია

0
თამარ გეგენავა ქუთაისში, ჭომაში, პროკოფი გეგენავასა და მარიამ შოთაძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა 1918 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამედიცინო ტექნიკუმში განაგრძო. ექიმობისათვის ემზადებოდა, მაგრამ სასწავლებელი დაასრულა თუ არა, ომიც დაიწყო და სრულიად ახალგაზრდა ქალს არც უყოყმანია, 1941 წელს, მოხალისედ გაემგზავრა ომში თავის ორ ძმასთან- არჩილ და გიგლა გეგენავებთან ერთად. 1941 წლის დეკემბრიდან 1943 წლის იანვრამდე თამარი ყირიმის ფრონტზეა, დაუნდობელი და თავგანწირული ბრძოლები მიმდინარეობს ქერჩში. ქართველი მედდა გემზე დაჭრილ მეომრებს დასტრიალებს თავს, მაგრამ გემს, რომელსაც მეომრები გადმოჰყავს, ფაშისტები ბომბავენ. თამარმა ცურვა არ იცის, მიუხედავად ამისა, მაინც ბოლომდე რჩება დაჭრილებთან. ახალგაზრდა ქალი მებრძოლმა ნიკოლოზ ფედოროვსკიმ გადაარჩინა, რომელმაც დიდი წვალებით გამოიყვანა ნაპირზე. როგორც ჩანს, რუს მებრძოლს ადრევე ჩავარდნოდა გულში მშვენიერი ქართველი ქალი. მოგვიანებით თამარი ცოლად გაჰყვა კიდევაც თავის მხსნელს. თამარ გეგენავა იბრძოდა სტალინგრადის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ფრონტებზე, მან ბრძოლა პოლონეთის საზღვარზე დაასრულა. იგი დაჯილდოებული იყო მედლებით „ საბრძოლო დამსახურებისათვის“, „სტალინგრადის დაცვისათვსი“ და სხვა. ომი დასრულდა, გმირულად დაიღუპა გეგენავების ერთ- ერთი ვაჟი გიგლა, თამარი და არჩილი შინ დაბრუნდნენ. თამარ გეგენავა მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელი ქუთაისში ცხოვრობდა, აქ შეეძინათ ქალ- ვაჟიც, ხოლო მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ჯერ ისევ ახალგაზრდა ქალი, ბრძოლებში მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#საინტერესო
#პიროვნება
#ისტორია
#kutaisidaily
0