ჩარლი და დიქსი დამელიოები უდავოდ ყველაზე ცნობილი ტიკ-ტოკერები არიან. 16 წლის ასაკში, ჩარლიმ პირველმა შეძლო 100 მილიონი გამომწერის დაგროვება ტიკ-ტოკზე (ჯამში მთელ ოჯახს სოციალურ მედიაში 250 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს), მათ ჰქონდათ კოლაბორაცია რეპერ უიზ ხალიფასთან და უკვე დიდ სკანდალში გახვევაც მოასწრეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის მსოფლიო ცნობადობისკენ აღმავლობის პირველი ეტაპი იყო. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს HULU-ზე ახალ რეალითი შოუს ვიხილავთ, სახელად “The D’Amelio Show”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ დები, არამედ მათი მშობლები - მარკი და ჰეიდი. შესაბამისად, დები პირველი ტიკ-ტოკერები გახდებიან, რომლებსაც საკუთარი რეალითი შოუ ექნებათ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შოუ მოგვიყვება “თუ როგორ გადის ოჯახი მსოფლიო ცნობადობისკენ გზას და ამასთანავე ინარჩუნებს ოჯახურ ფასეულობებს.”
ჩარლი დამელიოს ახლახანს ჰქონდა დებიუტი კინო ინდუსტრიაში, მან ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში, სახელად “StarDog and TurboCat”, დიქსი ახლა იწყებს მუსიკალურ კარიერას, გოგონების მამა მარკი რესპუბლიკური პარტიის ყოფილი სენატის კანდიდატია კონექტიკუტში, ხოლო დედა ჰეიდი ფოტოგრაფი და ყოფილი მოდელი გახლავთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ წლიანი კონტრაქტი ექნება ოჯახს ჰულუსთან, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის რამდენიმე წლიანი იყოს, როგორც მაგალითად კარდაშიანების ოჯახის კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ KUWTK 2021 წელს დასრულდებოდა, თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, რეალითი ტელევიზიის სუპერვარსკვლავების ოჯახმა ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა ჰულუსთან.