სამშობლო ის თემაა , რომელსაც ყველა ქვეყნისა თუ ერის ლიტერატურაში უდიდესი ადგილი უჭირავს . მასთან დაკავშირებულია ემიგრაცია, რომელიც თითქმის ყოველთვის სევდიანი გრძნობებით ვლინდება სხვადასხვა ნაწარმოებში, რადგან ეს საკითხი როგორც ემიგრანტებისთვის , ასევე ქვეყანაში დარჩენილებისთვის ძალიან მტკივნეულია. გასაკვირი არცაა, რომ ემიგრაციის თემას უამრავი ლიტერატურული თხზულება , რომანი , პოემა თუ ლექსი ეძღვნება, თუმცა ახლა მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავ.
როცა ემიგრაციაზე ვსაუბრობთ , ყოველთვის საინტერესოა რას განიცდიან კონკრეტული ადამიანები სამშობლოსგან შორს , რას ფიქრობენ , როგორ ცხოვრობენ , რას ელიან მომავლისგან და რა დარჩენიათ თავიანთ ქვეყანაში? შესაძლოა, ამ თემის ირგვლივ სამშობლოს არსზეც კი ვისაუბროთ , რადგან სწორედ ამ არსის სხვადასხვანაირად გაგება განსაზღრავს ემიგრანტთა ცხოვრების პათოსს.
როგორც ქართულ , ასევე უცხოურ ლიტერატურაში გვხვდება უმშვენიერესი შედევრები , რომლებიც გვაფიქრებს სამშობლოსგან შორს ყოფნის ტრაგიკულობასა თუ თავად სამშობლოს მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნაწარმოები ედვარდ ჰეილის , , უსამშობლო კაცია” , რომელშიც აღწერილია ერთი ახალგაზრდა ოფიცრის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია.
ნოლანი ანუ , , უსამშობლო კაცი” . ასეთი სიტყვათა შეთანხმების გაგონებისას ალბათ გაგვიკვირდება რას უნდა ნიშნავდეს უსამშობლო კაცობა , თუმცა მისი ისტორიით კარგად ვხვდებით თუ რა რთულია გქონდეს სამშობლო და თან არც გქონდეს, სულით და გულით მასთან იყო , მაგრამ ვერასდროს იხილო და ვერც მისი სახელი გაიგონო როდესმე. ნოლანი შემთხვევით სახელმწიფო არეულობაში ჩაითრეს , სადაც საბოლოოდ , სასამართლოზე , , დიდი თევზები” გამართლდნენ , ხოლო ნოლანი და მისი მსგავსი ოფიცრები , უბრალოდ ხელს მიაყოლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშოფეთებულმა ნოლანმა შეაჩვენა ამერიკა და ისურვა მისი სახელი აღარასდროს გაეგო თავის ცხოვრებაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს , ეს სურვილი დაკმაყოფილდა. მან მთელი ცხოვრება გემზე გაატარა და საკუთარი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმაც კი არ ღირსებია.
ნოლანის სიკვდილის დღეს აღმოჩნდება , რომ მის კაიუტაში, სადაც არასდროს არავინ შესულა , პატარა ამერიკა იყო. ნოლანის პატარა ამერიკა, რომელსაც თაყვანს სცემდა და ადიდებდა. , , მას უყვარდა თავისი სამშობლო, როგორც არ ჰყვარებია არავინ;მაგრამ ის იყო ყველაზე უღირსი მის შვილთაგან” - ამბობს სიკვდილის წინ ნოლანი , თუმცა ის ჩემთვის ძალიან ბევრ ადამიანზე ღირსეული ადამიანი იყო. ცხოვრებისეული ერთი შეცდომის გამო , რაც შეიძლება არც კი ჩაითვალოს შეცდომად, რადგან არ იყო გააზრებული და თანაც გამოწვეული იყო საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზით . ნოლანის ისტორია ნათლად გვანახებს , რომ , , სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით “ , როგორც ამას ნოდარ დუმბაძის პერსონაჟი ბერძენი ბიჭი იანგული ამბობდა.
იანგული უბანში ყოჩი იყო და თბილისიდან სოხუმში ახლადგადმოსულ , , სკრიპკას” ყოჩობას ვერ შეარჩენდ, მიუხედავად იმისა , რომ ჯემალს ეს არც უნდოდა.საბოლოოდ მათი ქიშპოპა მეგობრობით სრულდება , თუმცა ამ მეგობრობას დიდი დრო არ უწერია. სოხუმში საბერძნეთიდან ჩამოსულმა გემმა ბერძნები მშობლიურ ჰელადაში უნდა დააბრუნოს, მათ შორის იანგული და მამამისიც.
თუმცა, საკითხავია სად არის სამშობლო? იანგულისთვის სამშობლო იქაა სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც თავისი ცხოვრების დიდი დრო აქვს გატარებული , ვენეციის გზატკეცილი და რკინიგზის ხიდი, მისი მეგობრები და თავად ჯემალი. ბოლოს მიდა , მისი უპასუხო სიყვარული. მასში თითქოს ორი სამშობლოს ჭიდილია , ერთი შორეული საბერძნეთი, რომლის სახელიც გულზე აქვს ამოსვირინგებული და მეორე , საქართველო, რომელიც უფრო ღრმადაა ვიდრე სვირინგი. საბოლოოდ, მის არსებაში საქართველო იმარჯვებს.
სამი დღის შემდეგ მდინარის ნაპირზე პოულობენ ბიჭს , გულზე სვირინგით , , Hellados” , რომელიც დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ცოცხალი ვეღარ. ვფიქრობ, ეს მოთხრობა ერთგვარ განსხვავებულ აზრს ქმნის სამშობლოს შესახებ, რადგან ბერძენი ბიჭისთვის სამშობლო იქაა , სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც ახლობლები ჰყავს და სადაც მისთვის ნაცნობი ადგილებია. ამის საპირისპიროდ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაში , , მიწის ყივილი” მოხუცებული ანდრო კაიშაური , რომელსაც აღარც კი ახსოვს საკუთარი სახლ-კარი , დედ-მამა და მხოლოდ ცხოვრების უჩვეულო შემთხვევის წყალობით მოიგონებს ყველაფერს ნელ-ნელა. მიუხედევად იმისა, რომ ანდროს საფრანგეთში ცოლი , შვილები და შვილიშვილები ჰყავს , იგი მაინც შორეულ საქართველოში დაბრუნებას ნატრობს.
მისი ბოლო სურვილიც ესაა, რაც დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ შესრულდება. იანგულისგან განსხვავებით , იგი საქართველოში დაიბადა და სწორედ იქ გაატარა ბავშვობა. იქნებ სამშობლოს სამშობლობას სწორედ იქ დაბადება განსაზღვრავს? იქნებ იანგულიც საბერძნეთში რომ დაბადებულიყო და თუნდაც იქ ჰყოლოდა დაგულებული საკუთარი დედის მოგონება, ჰელადა საქართველოზე მეტად ჰყვარებოდა?
მიხეილ ჯავახიშვილის , , ფინჯანში” მოქმედებები უფრო სხვაგვარად ვითარდება. აქ ახლადგასაბჭოებული საქართველოს სახე გვეხატება და ვკითხულობთ ერთი ემიგრანტის , ნოდარ შუბიძის ისტორიას. ამ კაცმა დატოვა სახლ-კარი , ცოლი , 3 წლის შვილი და დედა. ყველაფერი მიატოვა და საფრანგეთში წავიდა , სადაც 8 წელი იმუშავა კერამიკის ქარხანაში. პროფესიით ქიმიკოსი თავაუღებლად მუშაობდა და როგორც მოთხრობის დასაწყისში ვიგებთ , საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის გულანთებული ხვდებოდა , მაგრამ საბოლოოდ მასში ეს პათოსი გაქრა , რადგან რეალურად არაფერი იცვლებოდა. აღსანიშნავია, რომ შუბიძე დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ გამოგონებაზე მუშაობდა, საბოლოოდ დაამზადა ფინჯანი თიხისგან და კიდევ რაღაც იაფი მასალისგან , რომელიც წარმოუდგენელი გამძლეობის იყო და როგორც შუბიძე ვარაუდობდა , ფოლადსა და რკინას მალე განდევნიდა. ფინჯნის დამზადების შემდეგ , როცა საკუნსულოდან საქართველოში დაბრუნებაზე უარი მიიღო, ადგა და მალულად გადმოიპარა საზღვარზე, თან სანუკვარ განძს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, რადგან ეს ფინჯანი იყო მისი საქართველოში უსაფრთხოდ ყოფნის გარანტიც და ამავდროულად ქართველი , მშრომელი ხალხის გასამდიდრებელი და საშველი. საინტერესოა ისიც , რომ სამშობლოში დაბრუნებულს ცოლი გათხოვილი , ხოლო დედა გარდაცვლილი ხვდება. თავის 11 წლის ბიჭს კი თვითონაც ვეღარ ცნობს , რადგან ბოლოს 3 წლისა ნახა.ეს ამბავი მისთვის თავზარდამცემია , რადგან მისი ნაცოლარის ქმარი მისივე ამხანაგი - ლევანია. სწორედ მას მოიაზრებდა ამ საქმეში დამხმარედ, რადგან ისიც მის სფეროში მოღვაწეობდა თავის დროზე. საბოლოოდ, ნოდარი უარს ამბობს საკუთარ სიამაყეზე ხალხის გამო , და ამასთანავე მომავალ გამომგონებელ და ცნობილ ადამიანს არ შეეფერება ასეთ წვრილმანზე დარდი , როგორიც ცოლის დაკარგვაა. ის ლევანს ფინჯანს აჩვენებს , რისი ნახვის შემდეგაც ლევანი ჰკითხავს - რომ არა ეს ფინჯანი , მაინც დაბრუნდებოდი? ნოდარის პასუხი ცალსახა თანხმობაა და თანაც ამატებს , უფრო მალეც დავბრუნდებოდი. ვფიქრობ, ნოდარისთვის მშრომელი ხალხი და საკუთარი თავიც , რადგან კარგად ჩანს მომავალი დიდების განცდა , იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ოჯახი.სწორედ ფინჯანს აბრალებს ცოლის დაკარვას , რადგან მასზე მუშაობაში გართულს , აღარც ახსოვდა რას გრძნობდა სიდონია , მისი წერილიდან აშკარა დაშორების სურვილიც კი ვერ ამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ ნოდარის პასუხში კარგად ჩანს მისი პრიორიტეტები, რომ არ ჰქონოდა ამ ფინჯნის შექმნის იმედი , რომ არა ეს საქმე და სურვილი, შეიძლებოდა უფრო მალეც დაბრუნებულიყო და იქნებ არც ოჯახი დაეკარგა?შეიძლება ვიფიქროთ , რომ უფრო მალე ვერ დაბრუნდებოდა, რადგან გარანტი არ ექნებოდა სიცოცხლის , მაგრამ მაშინ რატომ ამბობს თავად იგი რომ შეეძლო დაბრუნება?
კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა , , ფოტოგრაფშიც” ის დროა, რაც , , ფინჯანში” აღწერა მიხეილ ჯავახიშვილმა. ემიგრანტი ფოტოგრაფია , რომელიც პარიზის ქუჩებში დაიარება, ესწრება სხვადასხვა შეკრებებს და კაბარულ საღამოებს. კითხულობს ათასგვარ რეკლამას, ყველაფერი ირევა მის თავში და ამ დროს მოულოდნელად გრძნობს რომ ის ერთი უბრალო ფოტოგრაფია და მეტი არაფერი.ფოტოგრაფს მუდმივად თან დასდევს შავი ფრინველი , რომელიც უბედურების მომასწავებელია.მისი საყვარლის, სტელას სიკვდილის შემდეგ სწორედ ეს შავი ფრინველი მოფრინავს და ამ ქალის ფოტოსურათი მიაქვს, თითქოს მისი უკვდავება, რომელიც ფოტოსურათში იყო არეკლილი , დამთავრდა მის სიკვდილთან ერთად. ფოტოგრაფს, რომ ცხოვრება მობეზრებია ეს მისი დამოკიდებულებიდანაც ჩანს. როცა სტელას მამა მასთან მოვა, რათა ერთად გაიზაიარონ დარდი, ფოტოგრაფს არც კი ანაღვლებს მისი საყვარლის მამა და ამ მწუხარების დროს მის პროფესიაზე ფიქრობს.
საბოლოოდ ფოტოგრაფი გემით ბრუნდება სამშობლოში , მას შემდეგ რაც იაზრებს რომ ქვეყანა შესძულდა. გემზეც გამოჩნდება შავი ფრინველი და აქაც გადაუღებს კაპიტანს სურათს. ყველაზე მნიშვნელოვანი დასასრულია , როცა საკუთარ სოფელში აღარაფერი ხვდება ისეთი , როგორიც დატოვა. ქვეყანა არეულია და იქ სადაც მღვდელის შვილი მუცელს იწყვეტს აღარაფერი დარჩენილა წმინდა.არამხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური განადგურების ნიშნებიც ჩანს.ბავშვები, რომლებიც სიცოცხლით სავსენი უნდა იყვნენ , ნაციებნი არიან. საბოლოოდ, ფოტოგრაფი ნაციები სოფლის მიწას ჭამს და ხალხს ფოტოს უღებს, რადგან ყველას ყვარებია უკვდავება.
დასკვნა, რომელსაც შავი ფრინველი აცხადებს, მეტად მნიშვნელოვანია - , , ქვეყანა სურათის გადასაღებად არა ღირს” , ანუ ქვეყანა უკვდავების ღირსი არ არის.ეს ის ქვეყანაა, რომელიც ემიგრანტის გონებაში მოგონებად ქცეულ ძველ ქვეყანას არაფრით აღარ ჰგავს.
#feedc
#feedcgrant
#ხელოვნება