მიწისძვრებს დედამიწაზე შესაძლოა მზის აქტივობა იწვევდეს

0
ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწაზე მომხდარი მიწისძვრების დიდი ნაწილის პროვოცირებას შეიძლება კოსმოსური ამინდი იწვევდეს. იტალიელი მეცნიერები გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტიდან ფიქრობენ, რომ მათ პირველად მიაკვლიეს მტკიცებულებას იმის სათქმელად, რომ ძლიერი მიწისძვრების მთავარი მიზეზი შესაძლოა მზეზე მომხდარი აფეთქებები იყოს. რასაც ჩვენ მიწისძვრას ვეძახით, არის დედამიწის ზედაპირის რხევა, რომელიც უმეტესად სუსტი და შეუმჩნეველია. შეერთებული შტატების გეოლოგიის კვლევის სამმართველოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 1900 წლიდან აღწერა დაიწყო, დედამიწაზე ყოველწლიურად 20 ათასამდე მიწისძვრა ხდება, დღეში საშუალოდ - 55. ყოველწლიურად მომხდარ მიწისძვრებს შორის, საშუალოდ 16 ძლიერი მიწისძვრაა, რიხტერის შკალით 7-ბალიანი, ან კიდევ უფრო მძლავრი. მიწისძვრების უმეტესი ნაწილი ტექტონიკურია და მათი ძირითადი მექანიზმიც ცნობილია: მიწისქვეშა ქანებში დაგროვილი ენერგიის გამოთავისუფლების დროს, ხდება ტექტონიკური ფილების გადაადგილება, რაც ზედაპირზე ბიძგებს იწვევს. მეცნიერებმა ჯერ ვერ მიაგნეს მიწისძვრების გამომწვევ დადასტურებულ მიზეზს და ამ ეტაპზე მათი პროგნოზირება კვლავ მისტიკის სფეროდ რჩება. მიწისძვრებს ერთი თავისებურება ახასიათებს. ძლიერი მიწისძვრები არა შემთხვევით და გაფანტულად, არამედ ჯგუფ-ჯგუფად ხდება და ამასთან, „მათ შორის გარკვეული კორელაციაა“ - ამბობს ახალი ნაშრომის თანაავტორი, ჯუზეპე დი-ნატალი. ის კვლევების დირექტორია რომში მდებარე გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში. იტალიელი მეცნიერების ჯგუფი ფიქრობს, რომ მათ მზის აქტივობას და დედამიწაზე მომხდარ მიწისძვრებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. მათი კვლევის მიხედვით, მიწისძვრების პროვოცირებას შესაძლოა იწვევდეს მზის ზედაპირზე მომხდარი აფეთქებები, კერძოდ - დადებითად დამუხტული იონები. იტალიის გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში ბოლო 20 წლის მონაცემები ამოიღეს და დაამუშავეს. მეცნიერებმა შეისწავლეს და ერთმანეთს შეადარეს როგორც მიწისძვრების საინფორმაციო ბაზის მონაცემები, ისე სატელიტ „სოჰოს“ (სოლარული და ჰელიოსფეროს ობსერვატორია NASA-ESA) მიერ დაფიქსირებული მზის აქტივობის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, მათ აინტერესებდათ დადებითად დამუხტული პროტონების ზემოქმედება ჩვენს პლანეტაზე.და თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ პოსტს
#feedcgrant
Feedc
#ახალიამბები
0