0
?ბანკების მიმართ პრეტენზიები 161%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სებ-ში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 7 227 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 95, 6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 8 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 3 691-ს შეადგენდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ აგვისტოში ბანკების მიმართ 1 412 საჩივარი შევიდა, რაც 161%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან აგვისტოში ბანკებზე მხოლოდ 540 საჩივარი დაიწერა. 2019 წლის აგვისტოში პრეტენზიების სამეულში შედიან: - მიმდინარე ანგარიში - 1 098 განაცხადი - სამომხმარებლო სესხი - 99 განაცხადი - საკრედიტო ბარათი – 25 განაცხადი პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 78, 5% ტრანზაქციებზე მოდის - 1 107 განაცხადი, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 95 განაცხადი, 28 განაცხადით სამეულში მოხვდა მომსახურების საკომისიო. კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობის ზრდა მარტიდან შეინიშნება, უკვე ივლის-აგვისტოში კი თვიურად საჩივრების რაოდენობა, 1 400-ს გადააჭარბა. თუმცა ზრდა უფრო ადრე, 2019 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ერთ თვეში სებ-ში შესული საჩივრების რაოდენობა ერთბაშად თითქმის 200 ერთეულით გაიზარდა. ეს ის პერიოდია, როდესაც სოციალურ ქსელში საბანკო ანგარიშებიდან თანხის „გაქრობაზე“ არაერთი მომხმარებელი წერდა. მაშინ როგორც სებ-მა, ასევე ბანკების ასოციაციამ და თავად კომერციულმა ბანკებმა ფიშინგის საფრთხეზე მომხმარებლები არაერთხელ გააფრთხილეს და სპეციალური ინსტრუქციებიც შეიმუშავეს. თუმცა საჩივრების სტატისტიკიდან ჩანს, რომ პრობლემა ისევ არსებობს და მომხმარებელის მიმდინარე ანგარიში კარგად დაცული არ არის. წლების განმავლობაში მიმდინარე ანგარიშსა და ტრანზაქციებზე მხოლოდ რამდენიმე ათეული განაცხადი შედიოდა, ზრდა 2018 წლიდან დაიწყო და ბოლო 2 თვეში კი 1000-საც გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.
0