"ამერიკის ხმამ" ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

0
ეტაპზე ახალი კორონავირუსის რეგისტრირებულ კანდიდატ ვაქცინათა რაოდენობა 150-ს აჭარბებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებულია ამერიკული კომპანია „მოდერნა“, რომელიც ვაქცინის გამოცდის დასკვნითი ფაზის დაწყებას სულ რამდენიმე დღეში, 27 ივლისს გეგმავს. ვაქცინა სახელად mRNA-1273 „მოდერნამ“ შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად შექმნა.ამ „მოდერნა“ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის კლინიკური გამოცდის მე-3 ფაზას 90-მდე ცენტრში გეგმავს. „ასტრა-ზენეკასგან“ განსხვავებით, რომელიც კლინიკურ ცდებს ბრაზილიაშიც ატარებს, „მოდერნას“ ცენტრები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა განლაგებული. კომპანიას მესამე ფაზაზე გადასასვლელად მინიმუმ 30 000 მოხალისე ესაჭიროებოდა, თუმცა მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 110 ათასამდე ამერიკელმა. დღეს ვაქცინის შექმნაზე მუშაობა გაცილებით სწრაფად ხდება და ეს ახალი ტექნოლოგიების დამსახურებაა, განაცხადა ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც მან „ვებ-ემ-დის“ ექიმს, ჯონ უაიტს მისცა. „რასაც ადრე წლები დასჭირდებოდა, ახლა თვეებში და კვირებში ხდება“ - ამბობს ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი. ვირუსის სიკვენსი (დნმ-ის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობა) 2020 წლის იანვრის დასაწყისში გაიშიფრა, როგორც კი ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაზე დაიდო. „აქედან რამდენიმე დღეში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რამდენიმე დღეში, ვაქცინების შექმნა და მათი გამოცდა დაიწყო. 62 დღეში უკვე კლინიკური გამოცდის პირველ ფაზაზე ვიყავით. ეს გასაოცრად უპრეცედენტო ამბავია, ყველა გაგებით“ - აღნიშნავს ექიმი ფაუჩი. შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფედერალური მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, აქტიურადაა ჩართული ვაქცინების შექმნის პროცესში. „მოდერნას“ ვაქცინის გარდა, ექიმ ფაუჩის თქმით, კიდევ 3 კანდიდატი ვაქცინაა კლინიკურ კვლევებში დაწინაურებული, რომლებშიც ამერიკის მთავრობის ინტერესია ჩადებული. ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს კოვიდ-19-ის ვაქცინების შექმნაზე მუშაობას და ამბობს, რომ თუკი ვინმე ამ საქმეში რაიმე გარანტიებს წინასწარ იძლევა, ეს ნიშნავს, რომ მას „ვაქცინების განვითარებაზე“ არასდროს უმუშავია. ფაუჩის „ფრთხილი ოპტიმიზმით“ დანახული რეალობა კი ახლა ასეთია: „კალენდარული წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისისთვის გვეცოდინება, გვაქვს თუ არა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა“.
#ტექნოლოგიები
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
#ახალიამბები
0