ბელგიურმა სამშენებლო კომპანიამ Kamp C ევროპაში ყველაზე დიდი სამგანზომილებიანი პრინტერით ორსართულიანი სახლი ააშენა. ეს ამ ტექნოლოგიით შექმნილი ამ ზომის პირველი საცხოვრებელი ნაგებობაა.
დანიური ფირმა COBOD-ის მიერ წარმოებული 3D პრინტერი 90 კვადრატული მეტრი ფართობისა და 8 მეტრი სიმაღლის შენობას სამი კვირის განმავლობაში, ფენა-ფენა აგებდა. სახლი, რომელიც დერეფნის, ორი ოთახისა და სამზარეულოსგან შედგება, იატაკისა და ჭერის გათბობით, თბური ტუმბოთი და მზის პანელებითაა აღჭურვილი, რის შედეგადაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
Kamp C - Printed House
კომპანია Kamp C-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ამგვარი ინოვაციური ტექნიკა მშენებლობისთვის საჭირო მასალის, დროისა და თანხის 60 პროცენტის დაზოგვას უზრუნველყოფს, სახლი კი ჩვეულებრივზე სამჯერ მყარია. ბეტონში შერეული სპეციალური ბოჭკოების წყალობით მოხსნილია ნაგებობის სიმტკიცისთვის დამატებითი ლითონის კონსტრუქციების გამოყენების საჭიროება. მათი თქმით, უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტების განხორციელებას სულ რაღაც ორი დღე დაჭირდება.
სახლი საცხოვრებლად ვარგისია და ყველა აუცილებელ მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა მისი მთავარი დანიშნულება სხვა რამეში მდგომარეობს. ის ერთგვარი საჩვენებელი ნიმუშია, პროტოტიპი, რომელიც არქიტექტურასა და მშენებლობაში სამგანზომილებიანი პრინტერის შესაძლებლობებს გამოკვეთს.
#feedcgrant
Feedc
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები