გუდაუთა - ისტორია, მოგონებები ზღვისპირა დაბა ქალაქზე და ლეგენდა

0

გუდაუთა

ამ პოსტში პატარა საოცარ ქალაქზე მოგიყვებით და იქ დაბადებული ქართველი ქალის მოგონებებს გაგიზიარებთ. ერთად გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი პატარა ზღვისპირა დაბა ქალაქი.

გეიგრაფიული მდებარეობა

გუდაუთა, ქალაქი საქართველოში, გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სოხუმიდან 37 კმ-ში. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 15, 3 ათასი (1991 წ.).
გუდაუთის რაიონში მდებარეობს ბიჭვინთა- მიუსერის ნაკრძალის მიუსერის მონაკვეთი, რომლის ფართობი 1, 040 ჰექტარია. რაიონში არსებობდა ავტოსარემონტო , ღვინის და საკონსერვო ქარხნები , ჩაის ფაბრიკა, საკალმახე, ციტრუსების, სატყეო, მეფუტკრეობის მეურნეობები და სხვა. გუდაუთის რაიონში მოქმედებდა 5 სანატორიუმი, 3 ტურისტული ბაზა, 3 დასასვენებელი ბაზა, 3 დასასვენებელი სახლი, 3 პანსიონატი. გუდაუთასა და გუდაუთის რაიონში 1 ქართული და 2 რუსული სკოლა იყო. რაიონის ჯანდაცვას ემსახურებოდა საავადმყოფო, რაიონული პოლიკლინიკა, სანეპიდსადგური და აფთიაქი. გუდაუთაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.

გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები:

აბაანთას ციხე (VII ს.) აფხაზეთის ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათაგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მიუსერის ტაძარი (VIII-IX ს.ს.) ლიხნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ( XI ს.) შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები, სოფელ ანუხვის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის ნაშთები უნიკალური ქართული წარწერებით (XI ) სოფელ ბობმბორაში მდებარეობს ქართული ქრისტიანული ტაძარი ( VIII-IX ს.ს.),

მოგონებები გუდაუთაზე

“ამ პატარა ქალაქში დავიბადე, ირგვლივ ყველაფერი გვქონდა, ბუნება, ტყე, ზღვა. მამაჩემს ორსართულიანი სახლი ჰქონდა ქალაქში, წინ დიდი ეზოთი და ნარგავებით. დედა სილოგავების ქალი, თავდაუზოგავად მშრომელი, ჭკვიანი და ყურადღებიანი პიროვნება იყო. თავისი პატარა ფერმა ჰქონდა, ძროხები, ქათმები, გოჭები, ყველაფერი ჰყავდა და ბავშვებს არასდროს გვაკლდა ნატურალური პროდუქტი. მთელი ბავშვობა ეზოში ვთამაშიბდით ათასნაირ თამაშს, ჩემი ეზო საოცრად მწვანე, მობიბინე ბალახით მახსოვს, ყოველთვის მოვლილი. სკოლაც გუდაუთაში დავამთავრე. ძალიან მენატრება ჩემი სახლი.” მზია კვირტია, 60წლის, აფხაზეთიდან დევნილი.

ლეგენდა გუდაუთაზე

ლეგენდისა და თხრობების თანახმად, ქალაქში შეყვარებული წყვილი - გუდა და უტა ცხოვრობდნენ. ერთმანეთი ძალიან ძლიერად უყვარდათ, თუმცა მშობლები ქორწინებისა და ერთად ყოფნის უფლებას არ აძლევდნენ. ამბავი რომეოსა და ჯულიეტას ისტორიასავით, ტრაგიკულად დასრულდა; გუდამ და უტამ თავი მოიკლეს ერთად, ზოგიერთი თხრობის მიხედვით, ხრამში გადაეშვნენ. ამის შემდგომ დაერქვა ქალაქს გუდაუთა, როგორც გუდასა და უტას ტრაგიკული სიყვარულის სიმბოლოს.

პოლიტიკა, ომი და ქალაქი

გუდაუთაში “ბომბორის” აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა. ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს. 1999 წლისთვის ავიაბაზის ეკიპირებაში შედიოდა 142 AIFV/APC
ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე. 1999 წელს სტამბოლში ჩატარებულ ეუთოს სამიტზე რუსეთი დათანხმდა გუდაუთის ბაზის დახურვასა და საკუთარი ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას, რის შედეგადაც ეს ბაზა დსთ-ის ქვეყნების სამშვიდობოების გამოყენებაში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაბლოკა ეუთო-ს ინსპექტორთა ვიზიტი და მას შემდეგ ტექნიკის გაყვანის ახალი თარიღი არ დადგენილა. საქართველოს მთავრობის მტკიცებით ეს ბაზა კვლავაც რჩება აფხაზი სეპარატისტების მთავარი სამხედრო საყრდენიად.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები დაიდო. ეს ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევს მისი სამხედრო ბაზები განათავსოს გუდაუთაში, რაც ავიატექნიკასთან ერთად მოიცავს ტ-62 ტანკებს, მსუბუქ ჯავშნიან მანქანებს, ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა. გუდაუთის ბაზა დღემდე რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად. ავტორი: მარიამ თოფურია / მომო

ფოტო გალერეა

წყარო: დევნილილების ჩანაწერები და მოგონებები; ქართული ვიკიპედია; “დიდი ზღვაოსნის ბლოგი”; ვებ-გვერდი: განახლება.ჯი.
#აფხაზეთი
#გუდაუთა
#აფხაზეთისაქართველოა
#აფხაზეთისომი
#აფხაზეთისსკოლა
#ოკუპირებულიაფხაზეთი
#sokhumi
#ახალიამბები
#sokhumidaily
#sokhumdaily
#ლეგენდა
#ისტორია
#მოგონებები
#დევნილი
#დევნილები
0