დამწვრობა და მისი ხარისხები

0
დამწვრობა – ეს არის ორგანიზმზე თერმული, ქიმიური, ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანება. არსებობს დამწვრობის სხვადასხვა სახე: თერმული, ქიმიური ნივთიერებებით, ელექტროდენით მიღებული დამწვრობები… თერმულ დამწვრობას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი, ცხელი ადუღებული სითხე, ორთქლი, მზის სხივები და სხვა. დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის სიდიდე და სიღრმე. რაც უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი ზედაპირი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

დამწვრობის ხარისხები

არჩევენ 4 ხარისხის დამწვრობას: I ხარისხის დამწვრობის დროს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე – ეპიდერმისი ზიანდება. ახასიათებს კანის შეწითლება, შეშუპება და ტკივილი. შეხორცებას რამდენიმე დღე სჭირდება. შესაძლოა, დარჩეს სუსტი ქავილი, ან აქერცვლა. II ხარისხის დამწვრობის დროს კანის დაზიანება უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს. მისი ზერელე შრის ეპიდერიმისის ქვეშ გროვდება გამჭვირვალე სითხე, რომელიც დაინფიცირების შედეგად შეიძლება დაჩირქდეს. ბუშტუკები უმეტესად ვითარდება დამწვრობის მიღებისთანავე, ან 24 საათის შემდეგ. ეს დამოკიდებულია თერმული აგენტის ტემპერატურასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. მრავალრიცხოვანი ბუშტუკების მეშვეობით ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით პლაზმას. მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ტკივილი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება. III ხარისხის დამწვრობა კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანებას გულისხმობს. აღინიშნება ქსოვილთა ნეკროზი დამწვარ ზედაპირზე შავი ფერის ქერქის წარმოქმნით. თუმცა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობებისგან განსხვავებით ნაკლებად მტკივნეული ან უმტკივნეულოა, რადგან თერმული ზემოქმედებით ნერვული დაბოლოებებიც დამწვარია… ამ დროს კანის დვრილოვანი შრე ნაწილობრივ ან მთლიანად ზიანდება. თუ დვრილოვანი შრე ძლიერ დაზიანებულია, კანის მთლიანი რეგენერაცია არ ხდება და მის მაგიერ ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება. IV ხარისხის დამწვრობას ექიმები დანახშირებას უწოდებენ. ამ დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები, ხშირად – ძვლებიც კი.
#news
#forhealth
#healthylife
#healthcare
Tbilisi
0