რატომ დაერქვა კრისტიან დიორის რევოლუციურ სილუეტს New Look

0
კრისტიან დიორის “New Look” მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი სილუეტი. ის წარმოადგენს ახალ დასაწყისს, ახალ სინამდვილეს, უკეთეს და უფრო მრავალფეროვან მომავალს. თუმცა კრისტიან დიორი არ არის მხოლოდ ახალი ლუქი. მოდა რეალობას ასახავს, მაგრამ პერიოდულად ჩნდებიან დიზაინერები, რომლებიც ხალხის დაფარულ სურვილებს ავლენენ, როცა ქმნიან იმას, რაც სინამდვილეს არ ერგება. მათი ამბიციური ნამუშევრები გავლენას ახდენს ადამიანებზე და ცვლილებებს განაპირობებს. შემდეგ ასეთი ნოვატორი და რევოლუციონერი დიზაინერების შემოქმედება ხდება რეალობის ნაწილი.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილმა კრიზისმა ჩაცმის სტილიც შეცვალა. კაბების დამოკლების მთავარი მიზეზი არ ყოფილა ქალების სურვილი, არამედ ქსოვილებზე დაწესებული მაღალი ფასი. განწყობა სამოსის შეზღუდულ დიზაინზეც აისახა. 1947 წლის 12 თებერვალს კრისტიან დიორმა თავისი პირველი კოლექცია წარადგინა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ორი ხაზი – „Corolle“ და „Huit, “ ეს უკანასკნელი მოიცავდა „ბარის პიჯაკს, “ რომლის სილუეტმაც მოდა ახალი მიმართულებით განავითარა. პირველივე კოლექციით წელში გამოყვანილი, მუხლს ქვემოთ მომდგარი გაშილილი კაბებიც თავის ხელწერად აქცია. კოლექცია ისტორიაში შევიდა როგორც „New Look“ მას შემდეგ, რაც ჰარპერს ბაზარის მაშინდელმა რედაქტორმა კარმელ სნოუმ ის ამ სიტყვებით შეაფასა: „It’s such a New Look!“
მიიჩნევა, რომ სწორედ კრისტიან დიორის ახალმა ლუქმა დაუბრუნა პარიზს მოდის დედაქალაქის სტატუსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაკარგული ჰქონდა. კრისტიანს არ მოსწონდა მეორე მსოფლიო ომის მოდა და სურდა ქალები ისევ ლამაზად შემოსილიყვნენ. უნდოდა შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც ქალის მშვენიერ ფიგურას ხაზს გაუსვამდა. მაგრამ აღტაცებასთან ერთად კოლექციას კრიტიკაც მოჰყვა. დიორის სამოსის მოცულობა, თითოეულ ლუქზე დახარჯული რამდენიმე ათეული მეტრი ქსოვილი და მისი ფერადოვნება ომით ტრამვირებული ხალხისთვის ზედმეტად ჩათვალეს. მაგრამ კრისტიანისთვის ცხოვრება გრძელდებოდა და უნდოდა სხვებსაც იგივენაირად ეფიქრათ. მან კრიტიკას ასე უპასუხა: „ევროპა დაიღალა ბომბების ცვენით, მათ ნაცვლად ფეიერვერკების გაშვების დროა.“ კრისტიან დიორმა თავისი კოლექციების სახით ოცნებები შექმნა.
#მოდა
#ხელოვნება
0