2100 წლისთვის თეთრი დათვების უმეტესობა, შესაძლოა, გადაშენდეს

0
იმ შემთხვევაში, თუ ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფა არ შემცირდება, 2100 წლისთვის ჩვენს პლანეტაზე მობინადრე თეთრი დათვების უმეტესი ნაწილი გადაშენდება. კანადაში მდებარე ტორონტოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამის მთავარი მიზეზი არქტიკაში ყინულის დნობის მაღალი ტემპი გახლავთ, რასაც ატმოსფეროში დაგროვილი ნახშირორჟანგის მიერ წარმოქმნილი სათბურის ეფექტი განაპირობებს. ► 2100 წლისთვის თევზის სახეობათა 60 პროცენტი, შესაძლოა, გადაშენდეს თეთრ დათვებს მათი მთავარი საკვების, სელაპების მოსანადირებლად ოკეანის ზედაპირზე არსებული ყინული ესაჭიროებათ. მისი დნობისა და დანაწევრების გამო, ამ ხორცისმჭამელ ძუძუმწოვრებს ბელებთან ერთად დიდი მანძილზე გადაადგილება უხდებათ და იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში შიმშილის ატანა შეუძლიათ, ისინი ამისთვის საჭირო ენერგიის დაგროვებას ვერ ახერხებენ. არქტიკაში ყინულის დნობისა და დანაწევრების გამო, თეთრ დათვებს ბელებთან ერთად საკვების მოსაპოვებლად დიდ მანძილზე გადაადგილება უხდებათ. მკვლევართა თქმით, მათთვის ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში აისახება შიმშილი დათვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მტაცებლის რეპროდუქციულ უნარზე, თუმცა რამდენიმე რეგიონში უარყოფითი ტენდენცია უკვე დაფიქსირდა და არქტიკაში ყინულის დნობის ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, თეთრი დათვების პოპულაციას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ► 2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედმა, შესაძლოა, გაუსაძლის სიცხეში იცხოვროს ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, მოცემული დროისთვის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე 21-დან 31 ათასამდე თეთრი დათვი ბინადრობს. კვლევის მიხედვით, კანადის ტერიტორიაზე ამ სახეობის წარმომადგენლები გამრავლებას 2040 წლიდან შეწყვეტენ, 2080 წლიდან იმავე ბედს რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ალასკაზე გავრცელებული სუბპოპულაციები გაიზიარებენ, 2100 წლისთვის კი მათი უმრავლესობის გადაშენებაა მოსალოდნელი. თუმცა, მეცნიერთა თქმით, მდგომარეობა უმედო არ გახლავთ და უახლოეს მომავალში კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად მიმართული ქმედითი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, თეთრი დათვების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
#feedcgrant
Feedc
#ახალიამბები
0