0
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტის საკითხებში მოსკოვის რეგიონთაშორისი საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენელმა, ელენა მარკოვსკაიამ განუცხადა. თვითმფრინავის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 78 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 37 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ექიმებს დახმარების თხოვნით 19 ადამიანმა მიმართა, ხუთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მანამდე განაცხადეს, რომ ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან მხოლოდ 37 მგზავრი გადარჩა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, დანარჩენი 41 მგზავრი დაღუპული იყო, თუ ნაწილის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა. თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს. მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა. სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მომხდარის მთავარ მიზეზად მეხის დაცემა განიხილება, რის შედეგადაც თვითმფრინავის ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ავარიული დაშვების საჭიროება გამოიწვია.
0