,,ვქმნი-ნიშნავს ვიქმნები”(ინტერვიუ ,,მასტერშეფის” მონაწილეებთან:ქეთო ბექაურთან და თემო ქაქუჩაიასთან

0
არტ-თერაპიაში არის ასეთი გამოთქმა:, , ვქმნი, ნიშნავს-ვიქმნები“. როცა გვესმის სიტყვა , , ვქმნი“, ჩვენში ასოციაცია ჩნდება ხელოვნების ნიმუშისა, რომელსაც ადამიანი ხელით შეეხო და თავისი წარმოსახვა მასში გადმოიტანა. სწორედ ასეთი ხელოვნების ნიმუშად გვევლინება კულინარია, რომელიც განსხვავებულ ქვეყნებში, სხვადასხვა ეპოქაში, კულტურასა თუ რწმენაში, ინდივიდუალურად ჩამოყალიბდა და ტრადიციად იქცა.
ხშირად, ამა თუ იმ ქვეყნის ხსენებისას, სწორედ იმ კერძისა თუ დესერტის სახელი გვახსენდება, რომლითაც იგი არის ცნობილი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. მაგალითად: თუ დავასახელებთ იტალიას, პირველ ყოვლისა, პიცა წარმოგვიდგება თვალწინ მდნარი ყველით;
ესპანეთი-რიზოტო, უკრაინა-რავიოლი, მექსიკა-ლაზანია, ხოლო საქართველო დაწყებული აჭარული სამზარეულოთი მოიცავს მთელ რიგ კულტურას, ტრადიციას და სრულდება კახეთში განთქმული ღვინის ტექნოლოგიით.
უნდა აღინიშნოს, რომ გავლენიანი ამერიკული გამოცემის , , Thrillist”-ის რეიტინგით ქართული სამზარეულო მეოთხე ადგილს იკავებს ევროპულ სამზარეულოთა შორის იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო დიდი პოპულარობით სარგებლობს, არ ნიშნავს, რომ კულინარიაც ამავე სიმაღლეზე დგას საქართველოში. კულინარიით სოციუმის დაინტერესება და ყურადღების მიპყრობა, განაპირობა საქართველოში , , მასტერშეფის“ გამოჩენამ.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, რეიტინგული, გასართობი და შემოქმედებითი შოუ, რომელიც ცეცხლოვან და დინამიკურ კულინარიულ გადაცემას წარმოადგენს, პირველი სეზონის დაწყებიდან მაყურებელთა დიდი სიმპათიისა და ინტერესის სფერო გახდა. კულინარია იქცა ერთგვარ გამოწვევად არა მარტო ქართველი დიასახლისებისათვის, არამედ ყველა ასაკის, შესაძლებლობისა თუ უნარის მქონე ადამიანისათვის. კითხვას, თუ , , რა გააკეთა მასტერშეფმა“ საქართველოში, ლუკა ნაჭყებიამ შემდეგი პასუხი გასცა: , , კულინარიაზე სპორტული ინტერესი გააჩინა. სამზარეულო აღარ აღიქმება , , კუხნად“, როგორც ეს ადრე იყო. ასევე, ალბათ, პირველი შოუა საქართველოში, რომელიც ხალხთან მაქსიმალურად ინტერაქტიულია. რეალურად, მაყურებელს საშუალება ეძლევა, შოუს მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე იყოს ჩართული გადაცემაში. თან ვუსმენთ მას, თან ვართობთ“.
ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ინტერვიუ მასტერშეფის მესამე სეზონის უსაყვარლეს, უთბილესა და პოზიტიურ მონაწილეებთან: ქეთო ბექაურთან და თემო ქაქუჩაიასთან. ინტერვიუში ისაუბრეს, თუ რა შეცვალა , , მასტერშეფმა“ მათ ცხოვრებაში, რა გამოცდილება მიიღეს და რა მოლოდინები აქვთ პროექტის დასრულების შემდეგ. როცა თემო კულინარიულ პროექტში გამოჩნდა, მაყურებლის ინტერესის საგანი გახდა, თუ როგორ გაართმევდა თავს ბარმენი კერძების მომზადებას.
შესაბამისად, როცა იგი ინტერვიუზე დამთანხმდა, პირველი კითხვა, სწორედ ამ შემთხვევამ განაპირობა: •რა შეცვალა , , მასტერშეფმა“ კულინარიული კუთხით, თქვენთვის, როგორც ბარმენის ცხოვრებაში? -ბარს, როგორც მეცნიერებას ისე ვუყურებ. კულინარიამ ძალიან დამაინტერესა, გამეხსნა გემოს რეცეპტორები განსხვავებული მხრიდან და მივხვდი, რომ კულინარია ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, თანაც ერთმანეთისაგან განუყოფლად მიმაჩნია მიქსოლოგია და კულინარია. •რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, იყო ღირსეული მონაწილე, ასეთ აღიარებულ პროექტში? -იყო ძლიერ მონაწილეებთან ერთად, რომ შენც გაიზარდო და ისწავლო. თავის მხრივ, ყოველდღიურ ბრძოლას ჰგავს.
•რამდენიმე ტურში იყო შემთხვევა, როცა შენი ბარმენული გამოცდილებით მოამზადე კერძები, ვფიქრობ ინოვაციურია. -შეიძლება ეგრეც არის. მე ყოველ ტურში გავდივარ ვა-ბანკს. არ მაქვს არაფრის შიში, მთელ ჩემ გამოცდილებასა და უნარს ვიყენებ მაქსიმალურად. თემოსთან საუბრისას, აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში არა ბარმენობაზე, არამედ მეხანძრეობაზე ოცნებობდა. მომავალ ბარმენებსა და კულინარებს კი ურჩევს , , შრომას და ინტერესით ცხოვრებას, თავიანთ პროფესიებში ჩაღრმავებას“. ქეთოსთან ინტერვიუმ ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
პირველ კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი პროექტში მონაწილეობა, შემდეგი პასუხი მივიღე: -მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ კულინარია ჩემი საქმეა და ხალხს გავეცანი ისეთი, როგორიც რეალურად ვარ. მსურდა გამეზიარებინა ჩემი კულინარიის მიმართ სიყვარული. ის, რომ პროფესიის შეცვლა არასდროს არის გვიან. მთავარია საყვარელი საქმე აკეთო. •რასთან ასოცირდება თქვენთვის კულინარია? -არის უდიდესი კულტურების შედეგი, თუ როგორ მოვედით დღევანდელ სამყარომდე. ის, რაც ყველას გვაერთიანებს, გვიყვარს და მოგონებებთან ასოცირდება. ჩემთვის ჯადოქრობაა, რადგან მასში გაერთიანებულია ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია და ასე შემდეგ. •საყვარელი კერძი, რომელიც განვლილ ტურებში მოგიმზადებია. -ალბათ, ბებოების ტური. ბევრ მოგონებებთან იყო დაკავშირებული და დღემდე ყველას ახსოვს ჩემი პანაკოტა და კაკლის მურაბის ორცხობილები. •პროექტში გამოჩენისთანავე შენი პოზიტივით მაყურებელს მალევე შეაყვარე თავი, აგრეთვე, ჟიურისაგან ოქროსფერი წინსაფარი მიიღე. რას ნიშნავს, იყო ღირსეული მონაწილე და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდი ამ კუთხით? -ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. შეიძლება ითქვას, , , გამირთულა“ საქმე და მოლოდინებიც დიდი იყო.
•რა შეგძინა , , მასტერშეფმა“, როგორც კულინარიული, ისე ცხოვრებისეული კუთხით და რა მოლოდინები გაქვს პროექტის დასრულების შემდეგ? -, , მასტერშეფმა“ შემძინა უძვირფასესი ადამიანები და ხალხის სიყვარული. დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და არ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან მადლიერი ვარ ყველა თბილი მონაწერისა და გულშემატკივრობისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, გავაგრძელებ ამ პროფესიით მუშაობას, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ქართული გასტრონომიის განვითარებაში. •რას ურჩევ მომავალ კულინარებს? -გიყვარდეთ თქვენი საქმე და მაგია თავისით მოვა. როგორც აღმოჩნდა, , , მასტერშეფი“ იქცა არა მარტო კულინარიის საქართველოში განვითარების გასაღებად, არამედ ადამიანთა ახალი ინტერესების აღმოჩენისა და მიზნების ასრულების საუკეთესო საშუალებად. პროექტის მონაწილეებსა და მაყურებლებს მიეცათ შესაძლებლობა, განავითარონ კულინარიული ცოდნა პროფესიულ დონეზე და მიიღონ მუშაობის დიდი გამოცდილება, ისეთ აღიარებულ და წარმატებულ შეფებთან, როგორებიც არიან: ლუკა ნაჭყებია, კონსტანტინე თედელური და ლევან კობიაშვილი.
ქეთო და თემო საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი მიზნებისთვის, მიჰყვე დასახულ გზას, მიუხედავად შენი პროფესიისა თუ ასაკისა. გამოხატო საკუთარი თავი საკუთარი ხელით შექმნილ კერძში და სამზარეულო აქციო შენთვის ნატიფ კულინარიულ ხელოვნებად.
Feedc
#feedcgrant
#feedc
#კულინარია
#სამზარეულო
#ქართულისამზარეულო
#მასტერშეფი
#ჯანსაღიცხოვრება
#კულინარია
0