სამედიცინო რეზერვში უფროსკურსელები ჩაერთვებიან

Tbilisi Daily

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელებისთვის სწრაფი სპეციალური კურსის გავლის პროცესი დაიწყო. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა განმარტა, უფროსკურსელები ექიმებს არ ჩაანაცვლებენ, ისინი უბრალოდ საჭიროების შემთხვევაში მედიკოსებს დაეხმარებიან. „უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულეტეტების დეკანებს შევხვდი და დაიწყო პროცესი უფროსკურსელებისთვის სწრაფი სპეციალური კურსის გავლის, რომ მათ ჰქონდეთ მზაობა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ექიმებს კოვიდ სიტუაციის მართვის მიმართულებით დაეხმარონ. შესაბამისად, მომავალ ორშაბათს ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ანუ უფროსკურსელთა ბაზა, რომლებმაც გაიარეს ეს ტრენინგი, უკვე მზად იქნება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქნება ბაზა იმ უფროსკურსელების, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ექიმებს დაეხმარებიან. სწრაფი კურსია და მიმართულებების იდენტიფიკაცია იმის მიხედვით მოხდება, თუ რა საჭიროება იქნება კონკრეტულ სიტუაციაში, ამაში შედის როგორც ქოლცენტრში თანამშრომლობა, კოვიდსასტუმროში, ან საკარანტინე სივრცეში, მაგრამ ცხადია, უფროსკურსელები ექიმს არ ანაცვლებენ, უბრალოდ ეხმარებიან ჩვენს ექიმებს. ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს მომზადება უფროსკურსელების და ცხადია, ესენი იქნებიან მოხალისეები და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ექიმებს ისინი დაეხმარებიან. ეს მათი ცოდნისთვისაც მნიშვნელოვანია, ასე რომ, ყველა უფროსკურსელი ამას გაივლის ცოდნისთვის, მაგრამ რაც მთავარია, თუ საჭიროება გაჩნდა და ჩვენ ექიმებს დახმარება დასჭირდათ, რომ ასისტენტები ჰყავდეთ, ჩვენი უფროსკურსელები ამ მიმართულებით დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა ჩხენკელმა.