სუბარი განცდას, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა კელის, ბრაიზას და კრამერის განცხადებებსაც უკავშირებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", სოზარ სუბარი ამბობს, რომ აშშ-ის ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების განცხადებები შესაძლოა მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. მან დაასახელა კონკრეტული სახელები და გვარები და თქვა, რომ მართალია ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ. "მსგავსი განცხადებები ჩვენ არაერთი მოგვისმენია ქართული ოპოზიციის მხრიდან, მოგვისმენია უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, პირველი პირების მხრიდან და მოგვისმენია არაერთი მოქმედი თუ ყოფილი დასავლელი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მხრიდან. სპეციალურად ამოვწერე რამდენიმე გვარი. მაგალითად, ასეთი იყო ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტოომას ილვესის განცხადება - ის პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. მსგავსი განცხადებები, მაგრამ მეტ-ნაკლები სიმკვეთრით, კარგად გასაგები გაკეთდა აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის, დევიდ კრამერის, მეთიუ ბრაიზას მიერ და არაერთი სხვა მოქმედი თუ ყოფილი. მესმის, რომ ისინი გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან, მაგრამ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. როდესაც “გორბის“ გამოკითხვაში გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა უნდა, შეიძლება სწორედ ამ ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდეს", - თქვა სოზარ სუბარმა. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა მკაფიო და სწორი კომენტარი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. "ქალბატონი კელი დეგნანის განცხადებას გავეცანი, მივესალმები, ძალიან კარგი განცხადება იყო. სხვათა შორის, ქალბატონი კელი დეგნანისგან არ არის ეს ამ ტიპის პირველი განცხადება. მან არაერთხელ მკაფიოდ გამოთქვა იგივე აზრი, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობას საქართველოში და უსაფრთხოებას... ასეთ ფონზე, როცა ხალხზე რუსული პროპაგანდაც ახდენს გავლენას, ამ ადამიანების განცხადებებიც ახდენს გავლენას, ქალბატონი კელი დეგნანის მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია", - თქვა სუბარმა. გუშინ, 13 ივნისს, ამავე საკითხზე ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმაც. "ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს კანდიდატობას ევროკავშირში, რადგან გვინდა ვიხილოთ ქვეყნის წარმატება მის ევროპულ მისწრაფებებში. როცა მესმის, რომ ამბობენ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ომის შესაჩერებლად", - თქვა ელჩმა ბათუმში, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გუშინვე ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით "გორბის" ჩატარებული კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ ომში ჩართვის საკითხი აშშ-ის მხრიდან არ დამდგარა, რესპონდენტებს ჰკითხეს: "თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?" გამოკითხულთა 83,6% ამ კითხვაზე პასუხობდა, რომ "არ უნდა" ჩაერთოს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31897939.html

Source: radiotavisupleba.ge