ღარიბაშვილი: 4 ივლისი არამარტო ამერიკელებისთვის არის თავისუფლების სიმბოლო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დამოკიდებლობის დღეს ულოცავს, რომელიც დღეს, 4 ივლისს არის. პრემიერი მისალოც განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გრძნობს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. "4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო... ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების კუთხით აძლიერებს საქართველოს", - წერია მისალოც ტექსტში. საქართველოში აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღე 30 ივნისს აღინიშნა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების წარმომადგენლები. იმ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია "TV პირველის" დირექტორს, ვატო წერეთელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით მიზეზად ყურში "უბინძურესი სიტყვების" თქმა დაასახელა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31928063.html

Source: radiotavisupleba.ge