ჩეჭიფეში - ვაზის იშვიათი ჯიში სამეგრელოდან
Zugdidi Daily
ჩეჭიფეში მეგრული სიტყვაა და ნიშნავს თეთრ წვრილს. ამ სახელწოდებას ჯიში სავსებით ამართლებას. სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, იგი უფრო მომცრო და ნაზი აგებულების მარცვლებს ივითარებს. ჩეჭიფეში სამეგრელოს თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც საადრეო ჯიში, მასობრივად ყოფილა გავრცელებული მაღლარად სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში. ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ძირითადად ამზადებდა ღვინოს, რომელიც ხასიათდებოდა ალკოჰოლის საკმაო შეცულობით და ჰარმონიულობით.ჩეჭიფეშის ღვინო ნორმალურ ალკოჰოლთან ერთად (10,81º) შეიცავს ოდნავ მომეტებულ, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობას. მქროლავი მჟავას ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ესქტრაქტის რაოდენობა ღვინოში არაა დიდი, მაგრამ სხვა ელემენტებთან შეფარდებით ამ ტიპის ღვინისათვის საკმაოდ უნდა ჩაითვალოს.
ჩეჭიფეშის ღვინო ფერად ლამაზი, ღია მოჩალისფრო, საკმაოდ ჰარმონიული და ოდნავ მომჟავო, მაგრამ სასიამოვნო სასმელი ღვინო. ეს შეფასება სავსებით აკმაყოფილებს ორდინარული ტიპის ღვინოსადმი წაყენებულ მოთხოვნას. ამ ჯიშის ღვინო ხანგრძლივად არ ინახება და ნაკლებად ტრანსპორტაბელურია, ამიტომ მას წარსულში არ აძველებდნენ და ძირითადად მაჭრად, საგვიანო ჯიშების კრეფის დროს იყენებდნენო.
ჩეჭიფეში საღვინე ჯიშია, მაგრამ მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც. სამეგრელოს აბორიგენულ ვაზის ჯიშთა შორის ჩეჭიფეში ფართო მოწონებას იმსახურებს, რადგან საინტერესო ღვინოს იძლევა და ამ დადებით თვისებებთან ერთად საადრეო ჯიშია. იგი იმ დროს მწიფდება, როცა სხვა ადგილობრივი ჯიშები მხოლოდ შეთვალებას იწყებს (სექტემბრის ბოლოს). სამეგრელოს თბილი, ტენიანი ეკოლოგიური პირობებისათვის ასეთი ჯიშის გავრცელებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ვაზი
#ახალიამბები
#ღვინო
#სამეგრელო
#zugdididaily
წყარო: allwine.ge