მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც გაგრძელდება კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მეზვრიშვილმა თქვა, რომ ვრცელდება ცრუ ცნობები თითქოს, საწოლების რაოდენობა არასაკმარისია და „ადამიანი მიყრილები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან“.
ნათია მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სახელით აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, ტყუილია და ალბათ, ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს: „მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით“.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, ამჟამად ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში მყოფ 11 033 პაციენტს და თვითიზოლაციაში მყოფ 21 703 მოქალაქეს ექიმები ზედამხედველობენ: „გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, როცა კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და ერთეული შემთხვევების გამო, პანიკას არ ავყვეთ“.
მეზვრიშვილის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საავადმყოფოები გამოყენებული იყოს მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებებიც აქვთ.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობა, რომელიც პირველივე დღიდანვე უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იყო, საზოგადოების ყოველდღიურად ინფორმირებით შეეცდება არ დაუშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელება: „დამერწმუნეთ - არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა გზა არ არის - თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით და ამისი არანაირი პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები მოდიან და ამ ტრიბუნიდან ყვებიან. ეს სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით“.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საზოგადოებას მიმართავს, ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოს ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები და ეპიდემიოლოგები ამბობენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30904588.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)