ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში 560 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 111 ადამიანია მოთავსებული, მათგან 100 COVID 19-ის დიაგნოზით. 39 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 20 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირეში კი - 22. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 236 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 105 პაციენტი, 6 508 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.