გაიმართა რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა აქციები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნამახვანის და ონის ჰესების კასკადების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია თბილისში საქალაქო სასამართლოსთან გამართეს, მომხრეები კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში შეიკრიბნენ. მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წინასწარ დაგეგმილი აქცია გამართეს, მიუხედავად იმის, რომ  ონის ჰესების კასკადზე გაცემული გარემოსდაცვითი ბრძანების ბათილად ცნობისთვის სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა გადაიდო. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოსგან ჰესების მშენებლობის შეწყვეტა და  ენერგოპოლიტიკაზე საჯარო დისკუსიის გამართვა მოითხოვეს. „მსგავსი პროექტის განხორციელებისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლლეობის საჭიროებები და მოსაზრებები. აუცილებელია სხვადასხვა ფორმატში, რაც შეიძლება მეტი შეხვერა გაიმართოს მოსახლეობასთან და ხელისუფლების ენერგო პოლიტიკა  იყოს გამჭვირვალე“, - აცხადებს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი. მისივე ინფორმაციით, მესამე თვეა, სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონის სანაპიროსთან გაშლილ კარვებში  უწყვეტი აქცია მიმდინარეობს და რიონის ხეობის მოსახლეობა ნამახვანის ორი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათი მოსაზრებით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე შეცვლის მიკროკლიმატს და უარყოფითად იმოქმედებს გარემოზე. ნამახვანის და ონის ჰესების კასკადების  მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა უკვე შეაგროვეს 10 000-ზე მეტი ხელმოწერა პეტიციაზე, რომლითაც  მიმართეს საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. 29 დეკემბერს აქცია გაიმართა სოფელ ჟონეთშიც, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“  ე. წ. საცხოვრებელი კოტეჯების მიმდებარედ. აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტი ერთადერთი შანსია ხეობის გადასარჩენად. „დაცლილია სოფლები და თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, მოსახლეობა ხეობაში დაბრუნდება,  განვითარდება ინფრასტრუქტურა და ტურიზმი. ახლა მიტოვებულია ხეობა.  ვითხოვთ დროულად დაიწყოს ჰესის მშენებლობა“, - განაცხადა აქციის მონაწილე ოთარ ასათიანმა. ჟონეთში გამართული აქციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლად მოქმედებენ და რომ აქცია  მოსახლეობამ დაგეგმა. ისინი ჰესების მოწინააღმდეგეთა საპირისპიროდ იმასაც ამბობენ , რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ხეობის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალია და დარწმუნებულნი არიან,  რომ ჰესები უსაფრთხო იქნება და ეკოლოგიურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ნამახვანის ჰესების მშენებლობის მომხრეებმა კი  აქცია პირველად გამართეს. ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ადგილობრივთა ნაწილი მესამე თვეა დღე- ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან  ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიდან  კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.  29 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს გაიმართა ხალხმრავალი აქციებიც. 14 ნოემბერს გამართული აქცია, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ძალით, მიწოლით დაშალა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება. მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. საუბარი ასევე, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31024736.html #ახალი_ამბები #twitter