ეკატერინე ტიკარაძე პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში სანქციის დაწესებას არ გამორიცხავს
Tbilisi Daily
მთავრობის ამოცანა, მიზანი, პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, გარკვეული დაჯგუფებების კერძო ინტერესები და დაბალი პასუხისმგებლობა არ გახდეს დიდი რისკი საზოგადოებისთვის, რომელმაც მთავრობას ნდობა გამოუცხადა. რა თქმა უნდა, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვმსჯელობთ და ალბათ, რისკების შეფასების შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, სახელმწიფო ფიქრობს თუ არა შემოიღოს გარკვეული საკანონმდებლო ნორმები, და სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ატარებენ პირბადეს და ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნიან.
მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რისკების შეფასების შემდეგ მიიღებენ. ტიკარაძემ ასევე ექიმების თავდადებასა და საზოგადოების კეთილგონიერებაზე ისაუბრა.
„ექიმების პროფესია საკმაოდ აზარტული პროფესიაა. როდესაც ერთ ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ, შემდეგ მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ, ესეც გარკვეულწილად აზარტია. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არიან ექიმები ასეთი თავდადებულები თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ჩემი პირადი მოლოდინი ჩვენი საზოგადოების მხრიდან არის შემდეგი, რომ ქართველი ერი, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, საკმაოდ ბრძენი ერია. ზოგადად, საზოგადოებრივ აზრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, როგორც მათ გააკეთეს სწორი არჩევენი, დემოკრატიული, სამართლიანი და განვითარებული ქვეყნის, აირჩიეს ის მთავრობა, რომელსაც აქვს მაღალი პასუხიმგებლობა და ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ექიმებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან გამოცხადებული იქნება ის მობილიზაცია, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება დამატებითი მკაცრი ჩარევები, რომლის აუცილებლობა შეიძლება დადგეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.