შსს: გამოძიება დაწყებულია არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე. ჯამში დაკავებულია 10 პირი. გლდანში, ნომერ 23-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 6 პირი. ისანი-სამგორის რაიონში, ნომერ 176-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ნომერ 36-ში მდებარე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ქალაქ სენაკში, მე-16-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, 15 ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული“, - აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობითვე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ნიშნავს, თუმცა, ამ წუთებში მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოდ, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება და შეიცვლება საქმის კვალიფიკაცია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30923020.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020