ქარელში საქართველოს ფოსტის ოფისის მენეჯერი გაათავისუფლეს რომელიც ქარელის მერიას უპირისპირდებოდა

Gori Daily

ანა ბალიაშვილი, რომელიც ქარელში საქართველოს ფოსტის ოფისის მენეჯერად მუშაობდა დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ. მას ხელშეკრულება ათ ივნისს ეწურება და უკვე მიიღო გაფრთხილება, რომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებენ. მანამდე, ანა ბალიაშვილი სამოქალაქო აქტივისტების იმ ჯგუფს წარმოადგენდა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სტადიონის და მიწის ნაკვეთის რუსულ კომპანიაზე გასხვისებას აპროტესტებდა. სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვისას მოხდა ინციდენტი, როდესაც ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე მოქალაქეები, ცინიკურად მოიხსენია და შემდგომ აგინა. "უკვე მესამედ მიშვებენ სამსახურიდან ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის დაკვეთით და უშუალო მონაწილეობით. -პირველად თავად გამომიშვა მუნიციპალიტეტიდან! -მეორედ მისი ჩარევით გამომიშვეს ფოსტიდან.მაშინ ვიბრძოლე და აღმადგინეს კარგი ადამიანების დახმარებით. -მესამედ უკვე დღეს მიშვებენ სამსახურიდან იმის გამო,რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ზაზა გულიაშვილს არ მივეცი შესაძლებლობა,რუისის სპორტული მოედანი რუსული კომპანიისთვის მიეცა.ზაზა გულიაშვილისნაირი ჩინოვნიკები მსგავსი ტერორით ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ,რომ რადგან მუშაობთ და სამსახური გაქვთ,არ უნდა გააპროტესტოთ არაფერი და არ უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია!", -აცხადებს ანა ბალიაშვილი. #ქარელი #პროტესტი #გათავისუფლება gorideily