"ეს ხდება 21 -ე საუკუნეში ბათუმში. ვინმეს რომ მოვუყვე არავინ დამიჯერებს, სიგიჟე ხდება.."

Batumi Daily

28 ნოემბერს ბათუმში ფიტნესკლუბი „Reformerfitness“ 10,000 ლარით დააჯარიმეს. შეზღუდვების მიუხედავად, ფიტნესკლუბი მუშაობას აგრძელებდა. ადგილზე მისული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლიციელებს უთხრეს, რომ პანდემიის დროს დადგენილ შეზღუდვებს, რომელიც ფიტნესკლუბებსაც ეხება, არ ემორჩილებიან. ცოტა ხნის შემდეგ, "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მან "Reformerfitness" ბინად იქირავა. "ადამიანები აქ ვარჯიშობენ, იჯანსაღებენ ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მე მთელს დარბაზს ვქირაობ ჩემს საცხოვრებელ სახლად. ფიტნესკლუბის დირექტორი ფართთან ერთად აქირავებს სავარჯიშო ინვენტარსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ, ჩემთან სტუმრად მოსვლა, ვისაც ვარჯიში უნდა" - განაცხადა ჯაფარიძემ. დღის მეორე ნახევარში, პოლიცია "ნაქირავებ" ბინაში შევიდა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ადგილის დატოვება მოსთხოვა. რაზეც, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა არალეგიტიმურია, რადგან ის თავის სახლშია და ვისაც ტერიტორია უნდა დაეტოვებია - პოლიციელები იყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით ფიტნესკლუბში მყოფ ხალხს დაატოვებინა ადგილი. ადგილის ძალის გამოყენებით დატოვების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში გავიდა, სადაც აჩვენა 2 რიგად დამდგარი პოლიციელების მანქანების კოლონას, რაც თითქმის მთელ ქუჩას მოიცავს. "ეს ხდება 21-ე საუკუნეში ბათუმში, ფიტნეს ცენტრის დასახურად, სადაც 18 ადამიანი უკვე დატოვეს უმუშევრად. ეს რომ სადმე ვინმე მოუყვე არავინ არ დაგიჯერებს, რომ ასეთი სიგიჟე ხდება, მაგრამ აი ამდენ ხალხს, ქვეყანაში, სადაც ყველაფერს დედა აქვს ნატირები, დღეში 2 ბანკი გააქვთ, მთელი აჭარის პოლიცია მობილიზებულია იმისათვის, რომ დახურონ ფიტნეს დარბაზი, სადაც ადამიანები ვარჯიშობენ"- თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. მოგვიანებით, შსს - მ "Reformerfitnessის" დალუქვასთან დაკავშირებით განცხადება ვებ-გვერდზე გაავრცელა. "მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქ“-ში, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 2020 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით. აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს "ონლაინ მეჯიქ"-ის ე.წ. "რეფორმერი ფიტნესის" ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით" - ვკითხულობთ განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში