ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში შშმ ბავშვების გაგებაა- ინტერვიუ ფსიქოლოგ ელშან ბაირამოვთა
Marneuli Daily
ელშანი სამი წელია, მარნეულის ადრეული ჩარევის ცენტრში მუშაობს, სადაც ოჯახების გაძლიერების პროგრამა მოქმედებს. ამის გარდა, ის სკოლასა და სარეაბილიტაციო ცენტრშიც მუშაობს ფსიქოლოგად. მისი თქმით, უკვე მესამე წელია, ცდილობს, შშმ ბავშვების ოჯახებში ბედნიერება შემოიტანოს.
- რა პრობლემებს აწყდებიან შშმ ბავშვების ოჯახები ყველაზე ხშირად?
- ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში შშმ ბავშვების გაგებაა. მშობლებისთვის შშმ ბავშვის გაგება უფრო გრძელვადიანი პროცესია. მშობლების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი ბავშვთან ურთიერთობას ვერ ამყარებენ. აუტიზმის მქონე პირებისთვის ერთი კარგი ფრაზა არსებობს: „მე შენ მიყვარხარ თვალებში ყურების გარეშე, ნება მომეცი, ეს სიყვარული როგორც მინდა, ისე გამოვხატო". ბავშვი ყოველთვის ცდილობს თვითგამოხატვას. შეიძლება, ბავშვს რომელიმე ქცევით რაიმეს გამოხატვა უნდოდეს. მაგალითად, მისი ხელები თუ კანკალებს, ნიშნავს, რომ ის აღელვებულია, მაგრამ ხანდახან მშობლებს ეს არ ესმით...
- ინკლუზიური განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომია?
- ინკლუზიური განათლების სფერო ზოგადად მსოფლიოში ახლახან განვითარებული სფეროა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში კი იგი ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის. ამ მხრივ, მშობლებმა არ იციან, რა ქნან. ქვეყანაში პროფესიონალი რესურსის სიმცირეა. კარგი ფსიქოლოგების, ინკლუზიურ განათლებაში აქტიურად ჩართული პირების, ადრეული ჩარევის სპეციალისტების რაოდენობა მცირეა, ეს პრობლემა კი მშობლებს აწვება.
- საზოგადოება და ოჯახი როგორ იღებს შშმ ბავშვებს?
- ძალიან მიხარია, რომ წინა წლებთან შედარებით, სიტუაცია შეცვლილია. მშობლები, რომლებსაც ესმით ბავშვის პრობლემა, იღებენ მას ისეთად, როგორიც არის. ყველას უნდა, რომ ბავშვი განვითარდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად მათ არ იღებს, იგი მათში უიმედობას, უმწეობას ხედავს, ვერ ხედავს მათი განვითარების პერსპექტივას. საზოგადოებისთვის შშმ პირად დაბადება ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვაზე იქნები დამოკიდებული... ეს ყველაფერი კი ინფორმაციის არქონიდან გამომდინარეობს.
- როგორ მუშაობენ სკოლები ამ კუთხით?
- ამ კუთხით სკოლებშიც დიდი პრობლემებია. ხანდახან, მშობლები ინფორმაციის ნაკლებობის გამო არც უშვებენ ბავშვს სკოლაში. სკოლა კი ვალდებულია, ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური გეგმა შეადგინოს და ინდივიდუალური ასისტენტი გამოყოს, რომ ბავშვს განათლების მიღებაში დაეხმაროს. კარგი იქნებოდა, რომ მასწავლებლებს ინფორმაცია ჰქონდეთ ინკლუზიური განათლების შესახებ, რადგან შშმ მეგობრების მომავალი გარკვეულწილად მათზეა დამოკიდებული.
- ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა როგორია?
- სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალურად შეცვალოს მდგომარეობა კარგისკენ, მაგრამ რამდენიმე პრობლემის გამო, ზრუნვა მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ შშმ ბავშვებზე ვრცელდება. იმედია, მალე სოფელში მცხოვრებ შშმ მეგობრებთანაც ვიმუშავებთ.
- რა უნდა გაითვალისწინონ შშმ ბავშვების მშობლებმა?
- შშმ ბავშვების მშობლები, ნათესავები უნდა ცდილობდნენ, გაუგონ მათ, რადგან ჩვენ მათნაირად ვერ ვუყურებთ სამყაროს, ვერც მათნაირად ვგრძნობთ. ყოველთვის მიიღეთ ინფორმაცია ამ კუთხით სახელმწიფო სერვისების შესახებ და ისარგებლეთ აუცილებლად. ჩვენ დაგეხმარებით.
- რამდენად ხელმისაწვდომი იქნება დღის ცენტრი სოფლის მოსახლეობისთვის?
- ახლო მომავალში, ყიზილ ჰაჯილში ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ამ ცენტრში მარნეულისა და ბოლნისის სხვადასხვა სოფლის ბავშვებს მოვემსახურებით. დღის ცენტრი პირველად მარნეულში გაიხსნა, ჩვენ კი ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ. მოთხოვნა დიდია, რადგან ოჯახები ჩვენ იმედის სარკმელად აღგვიქვამენ, ჩვენ კი შევეცდებით, ეს სარკმელი ყოველთვის ღია იყოს.
#მარნეული
#შშმ
#Marneulydaily
წყარო: ფანჯარა
#ახალიამბები