ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელმა დაგმო რუსეთში საპროტესტო აქციების მონაწილეების და ჟურნალისტების მასობრივად დაკავება და არაპროპორციული ძალის გამოყენება. ბორელის განცხადებით, ადამიანებს რეპრესიების შიშის გარეშე უნდა ჰქონდეთ დემონსტრაციის ჩატარების უფლების განხორციელების შესაძლებლობა. ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ გმობს სასტიკ ტაქტიკას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მეორე კვირაა იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. აშშ რუსეთს მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა, ვინც საკუთარი უფლებების განხორციელებისთვის დააკავეს, მათ შორის ალექსეი ნავალნი. 31 იანვარს რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები ოპოზიციონერი ლიდერის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის, ალექსი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ იმ საბაბით, რომ აქციები არასანქცირებული იყო, საპროტესტო გამოსვლები ძალის გამოყენებით დაშალეს და 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიის ასამდე წარმომადგენელი. ალექსეი ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა 23 იანვარსაც. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალა და 3500-ზე მეტი მონაწილე დააკავა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის არაერთი საქმე აღძრა პოლიციის მიმართ ძალადობის, ხულიგნობის, მასობრივი არეულობებისკენ მოწოდების, უკანონო საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩართვის, სანიტარიული წესების დარღვევის და სხვა მუხლებით. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31079648.html #ახალი_ამბები #twitter