კიევში პოლიციამ ლოკდაუნის საწინააღმდეგო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა

Tbilisi Daily

კიევში პოლიციამ ლოკდაუნის საწინააღმდეგო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა. კიევის მთავარ მოედანზე რამდენიმე ათასი დემონსტრანტი, მათ შორის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, მკაცრი კარანტინის რეჟიმის დაწესებას აპროტესტებდნენ. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 8 იანვრიდან 24 იანვრამდე უკრაინაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს. მკაცრი კარანტინის რეჟიმის პერიოდში მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები და სასტუმროები იმუშავებენ. კიევის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად ათეულობით პოლიციელი დაშავდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 909 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ათასამდე ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.