შოლცი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში ერთიანი მიდგომა ესკალაციას აღკვეთს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ უარყო შეშფოთება, რომ ბერლინის მიერ დიდი განსჯის შემდეგ, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე გერმანიას გადააქცევს აქტიურ მხარედ რუსეთთან კონფლიქტში.
"ჩვენ ფრთხილად განვსაჯეთ [უკრაინისთვის] იარაღის ყოველი მიწოდება, კოორდინაცია გვქონდა ჩვენს მოკავშირეებთან, უწინარესად შეერთებულ შტატებთან" - უთხრა შოლცმა გერმანიაში გამომავალ Bild-ს, მის განცხადებებს ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ავრცელებს სააგენტო dpa.
"ეს ერთობლივი მიდგომა აღკვეთს ომის ესკალაციას" - აცხადებს გერმანიის კანცლერი, რომელიც მწვავე კრიტიკის სამიზნე იყო თავდაპირველი ყოყმანის გამო უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის პროცესში.
სატელეფონო საუბრებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "არ გამოსულა მუქარით ჩემს მიმართ, ან გერმანიის მიმართ" - ამბობს შოლცი ამავე ინტერვიუში.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში ამბობდა, რომ პუტინი მას დაემუქრა სარაკეტო თავდასხმით, რომელსაც "მხოლოდ ერთი წუთი" დასჭირდებოდა. კრემლმა განაცხადა, რომ ჯონსონი ცრუობს.
შოლცის თქმით, პუტინთან საუბრებში გამოჩნდა, რომ მათ ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ უკრაინაზე. "მე პუტინს ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება" - ამბობს შოლცი, სააგენტო როიტერსის თანახმად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32256317.html
Source: radiotavisupleba.ge