რუმინეთი ახალ პარლამენტს ირჩევს პანდემიის პირობებში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუმინეთში 6 დეკემბერს იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დარჩებიან ხელისუფლებაში პროევროპელი ლიბერალები და მოიპოვებენ თუ არა საჭირო რეფორმებისთვის საკმარის უმრავლესობას მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ერთგვაროვანი შედეგი არ აქვთ.
რუმინეთის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 136 სენატორსა და 329 დეპუტატს ერთ წელიწადზე ოდნავ უფრო მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც ეროვნულ-ლიბერალური პარტიის უმცირესობის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატების კაბინეტის დაშლის შემდეგ, რაც მოჰყვა კორუფციის სფეროში სკანდალებს და მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს.
ლიბერალებმა, რომლებსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი, ლუდოვიკ ორბანი, ბოლო გამოკითხვებით, მიიმხრო 28 პროცენტზე მეტი ამომრჩეველი და აჯობა სოციალ-დემოკრატებს, რომლებსაც 23 პროცენტი უჭერს მხარს. მაგრამ სოციალ-დემოკრატები ამ სხვაობას ამცირებენ ოქტომბრის შემდეგ, როცა ლიბერალებს 35 პროცენტი უჭერდა მხარს. ორ დეკემბერს ჩატარებული გამოკითხვით, მემარჯვენე ცენტრისტულ ალიანსს 18 პროცენტი უჭერს მხარს.
ორბანის და პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის მომხრე ლიბერალები ამტკიცებენ, რომ გამოკითხვების მიხედვით ჩანს, რომ უსაფრთხოების და დისტანცირების ზომები მუშაობს და ამან გახადა არჩევნების ჩატარება შესაძლებელი და მათ და ცენტრისტებს მოაპოვებინა უპირატესობა.
ხმის მიცემის შემდეგ ორბანმა მოუწოდა რუმინელებს მონაწილეობა მიიღონ ამ „ფუნდამენტურ არჩევნებში“ და პირობა მისცა, რომ კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე საარჩევნო უბნებში არ არის, თუ ამომრჩევლები დაიცავენ ჰიგიენის ნორმებს.
მოწოდების მიუხედავად, შუა დღისთვის ამომრჩევლის აქტიურობა 17 პროცენტს აღწევდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30986673.html
#ახალი_ამბები
#twitter