მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტი თურქულ-ფრანგული ურთიერთობების განზომილებაში

Interworld

ა.წ. 27 სექტემბერს განახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ა.წ. 28 სექტემბერს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარიც გამართა და არსებული ვითარება განიხილა. დამატებით, ა.წ. 27 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრა ფრანგ ლიდერთან რეგიონში გამწვავებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიარაღებულ კონფლიქტში თურქეთის რესპუბლიკის ჩართვის თავიდან არიდება. ჯერ კიდევ 2018 წელს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიენმა განაცხადა, რომ ოფიციალური პარიზი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისხმევის გაძლიერებას გეგმავს. მისი თქმით, აქამდე არსებული ვითარება საკითხის გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს და საფრანგეთისთვის აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის არსებობა. მას შემდეგ, უკეთესობისკენ თითქმის არაფერი შეცვლილა და პირიქით, ა.წ. ზაფხულიდან, სამხედრო კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. ხოლო მას მერე, რაც ოფიციალურმა ანკარამ აზერბაიჯანის მიმართ ღია სამხედრო მხარდაჭერა გამოხატა და სავარაუდოდ დაქირავებული მებრძოლების გადასროლა განახორციელა კონფლიქტის ზონაში, საფრანგეთმა კრიზისში მეტი ჩართვის აუცილებლობა დაინახა. აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტმა მაკრონმაც გააკრიტიკა თურქეთი და ისინი აზერბაიჯანის მიმართულებით სირიის „ჯიჰადისტური ჯგუფების“ გადაყვანაში დაადანაშაულა. მოცემულ ეტაპზე, საფრანგეთისა და თურქეთის ინტერესები ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში იკვეთება და ოფიციალური პარიზის მიზანი შესაძლოა იყოს, რომ არ დაუშვას ანკარას დამატებითი გავლენის გავრცელება მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტში. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარე ქვეყანაა და ზემოთ აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩარევის სრულიად ლეგიტიმური უფლებამოსილება გააჩნია. საფრანგეთ-სომხეთის ურთიერთობები: ფრანგ და სომეხ ხალხს შორის ახლო ურთიერთობები ჯერ კიდევ „კილიკიის სომეხთა სამეფოს“ პერიოდიდან იწყება, რომელიც გახდა ერთ-ერთი საფუძველი სომხეთის რესპუბლიკასთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. დღესდღეობით ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი არსებობს, რომელიც ორმხრივი ვიზიტებით არის გამყარებული. მათ შორის არსებული ურთიერთობები ძირითადად გამოიხატება საგანმანათლებლო (საუნივერსიტეტო), კულტურული, აკადემიური და სავაჭრო (ეკონომიკური) მიმართულებებით. გარდა ამისა, „სომეხთა გენოციდის“ შემდეგ ათასობით სომეხმა შეაფარა თავი საფრანგეთს და იქ სომეხი ხალხის მიმართ სიმპათიების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ზოგადად საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს „სომეხთა გენოციდის“ საერთაშორისოდ აღიარების პროცესში და ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 2001 წელს კანონის ძალა მისცა „სომეხთა გენოციდის“ აღიარებას. საფრანგეთის ხელისუფლება სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირთან ურთიერთობებში; ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ევროპის საბჭო, ეუთო) ეგიდითაც. დამატებით, ისინი თანამშრომლობენ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებშიც. შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ, საფრანგეთში სომხური დიასპორა ყველაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი, რაც წარმოადგენს „ბუნებრივ ხიდს“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ადგილობრივმა დიასპორამ ამ სახელმწიფოში პრო-სომხური ორგანიზაციების (ასოციაციების) ფართო ქსელის შექმნაც მოახერხა. პოლიტიკური თანამშრომლობის მიუხედავად, შედარებით დაბალია ეკონომიკური ურთიერთობების დონე. საფრანგეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები: საფრანგეთი იყო რიგით მეორე ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო და მოგვიანებით საელჩოც გახსნა დედაქალაქ ბაქოში. საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პროცესში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ზოგადად ოფიციალურ პარიზსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში პრობლემას ქმნის აზერბაიჯანში ამჟამად არსებული სახელისუფლებლო რეჟიმი, რომელიც სრულად არადემოკრატიულია და ამიტომ არ ხდება მათ შორის ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ამავდროულად ნარჩუნდება მათთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება. ამავდროულად, საფრანგეთის ინტერესების სრულად ეწინააღმდეგება თურქეთის რესპუბლიკის მოქმედებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ლიბიაში, სადაც თურქული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით საფრთხე ექმნება ფრანგულ ბიზნესსა და გავლენებს. ლიბიის შემთხვევაში საფრანგეთის ხელისუფლება მხარს უჭერს არა გაეროს მიერ აღიარებულ „ეროვნული თანხმობის მთავრობას“ (GNA), არამედ მის მოწინააღმდეგ „ლიბიის ეროვნულ არმიას“ (LNA). აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში საფრანგეთი ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ურთიერთქმედებაშია, რათა ხელი შეუშალოს თურქეთის მხრიდან ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების საძიებო საქმიანობებს. ზემოხსენებულ პირობებში, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კრიზისი შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად არის თურქულ-ფრანგული დაპირისპირების კიდევ ერთი განზომილება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #France #Turkey #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld