რატომ მიიყვანეთ განადგურების პირას ინფექციური საავადმყოფო - ცერცვაძე სერგეენკოს
Pirveliradio Ge
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით სერგეენკოს, წერილით მიმართავს.
ცერცვაძის განცხადება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
"ა.წ. 21და 26 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემებში, "არენა" და "იმედის კვირა" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, "მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე". ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა თქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს "მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია", ხოლო "გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია".
მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს "რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად, რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და "რა გაუფუჭა" (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა "ეროსტრატეს" სახელით.
ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები." – წერია წერილში.