აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ანგარიში
Sokhumi Daily
2020 წლის 26 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2020 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში წარედგინა. ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენება დისტანციური რეჟიმის ფორმატში მინისტრმა - კონსტანტინე კუჭუხიძემ გააკეთა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტების, ფუნქცია-მოვალეობების, შესრულებული სამუშაოს, სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმებისა და სისტემური ცვლილებების შესახებ. საუბარი იყო კორონავირუსულ ინფექციაზე და ამ პერიოდში გატარებულ საპრევენციო ღონისძიებებზეც.
"ანგარიშის მოსმენის შემდგომ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვები, 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის გეგმით, რიგ მუხლებში გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობის, დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი საკითხების აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულებებში დუბლირების, დევნილთა სოციალური და ყოფითი პრობლემების გადაწყვეტაში სამინისტროს მეტად ჩართულობის საჭიროების, სამინისტროს ფუნქციების გაზრდის აუცილებლობისა და სამინისტროზე ამჟამად დაკისრებული მოვალეობების მეტად ეფექტურად განხორციელების შესახებ." - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ანგარიშის მოსმენა და მასზე მსჯელობა გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. "უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს კომპეტენციის ფარგლებში გაეცათ პასუხები". მინისტრის თქმით, განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები, წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები სამინისტროს მიერ იქნება შეფასებული და კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა