გიორგი რურუას ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გიორგი რურუას ადვოკატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადა. "ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში... ეს გასაჩივრდება ფორმალურად და იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო", - თქვა მან. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა 29 ივლისს დასრულდა. მას დღეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედებოდა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. სასამართლომ 29 ივლისს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. „ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩემ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები“, - თქვა გიორგი რურუამ. როგორც მან თქვა, „ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან" მისი წინასწარ გამოცხადება დამნაშავედ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას. რურუამ განმარტა, რატომ გახდა ხელისუფლების სამიზნე. „ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიის აქციების შეძენა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა, ასევე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა რუსეთის იმპერიის ჩრდილში ყოფნა. გასაგებია. სწორედ, ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია“, - აღნიშნა გიორგი რურუამ და დაამატა, - „რა არის დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა? ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა. მე მინდა მეგობარ ელჩებს დიდი მადლობა გადავუხადო 8 მარტის ისტორიული დოკუმენტის მიღებაში“. საქმის განხილვის დასკვნით სხდომაზე რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა სამართალზე, კანონსა და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული. „მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას. ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30756541.html #ახალი_ამბები #twitter